სსრკ ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხი
მსურს, მოგითხროთ ერთი მატჩის შესახებ, რომელზეც ბევრს ალბათ არაფერი სმენია. ყველას მოეხსენება აწ არარსებული სსრ კავშირის ნაკრების ძალა. „დერჟავის“ გუნდმა თავისი არსებობის განმავლობაში ოფიციალურ თამაშებზე მხოლოდ ორჯერ წააგო ხუთ შაიბაზე მეტი სხვაობით: 1968 წელს ოტავაში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში - კანადის ნაკრებსა (2:8) და 1975 წელს პრაღაში გაზეთ „იზვესტიას“ პრიზზე - ჩეხოსლოვაკებთან (3:9) (იმხანად ამ ტურნირის ერთი ეტაპი იქ იმართებოდა). თუმცაღა, უფრო მეტი სხვაობით დამარცხდნენ 1962 წლის 21 ნოემბერს. ეს მოხდა არაოფიციალური სანაკრებო ტურნეს დროს, ონტარიოს პროვინციის გუნდმა, რომელიც გამოდიოდა იმდროინდელ OHA (ონტარიოს ჰოკეის ასოციაცია) Senior A League-ში (სამოყვარულო და ნახევრადპროფესიული ლიგა), ბეჭებზე გააკრა საბჭოთა ნაკრები. ეს გუნდი გახლდათ „Windsor Bulldogs”. 1961/62 წლების სეზონში მათ მოიგეს OHA-ს ლიგის პირველობა, ხოლო 1962/63 წლებში - ლიგის პირველობაც და ალანის თასიც.
იმდროინდელი საბჭოთა გუნდი ძალებს იკრებდა მწვერვალების დასაპყრობად. 1962 წელს, პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, სსრკ და სოცბანაკის სხვა ქვეყნები არ გამოვიდნენ აშშ-ში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე (მასპინძლებმა უარი უთხრეს გდრ-ის გუნდს მიღებაზე და ამის გამო ზემოთ აღნიშნულმა ქვეყნებმაც არ მიიღეს მონაწილეობა). თუმცაღა, წლის ბოლოს „დერჟავის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ კანადურ ტურნეში, სადაც სულ გამართეს 9 მატჩი სხვადასხვა კლუბებთან და ამ მატჩებიდან მხოლოდ ერთი დათმეს. ეს იყო სწორედ ზემოთ ნახსენები „Windsor Bulldogs”-ის წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრა. საბჭოელების მაშინდელი დამრიგებელი გახლდათ ლეგენდარული ანატოლი ტარასოვი, რომელმაც სანაკრებო დონეზე არკადი ჩერნიშოვის გარეშე ვერ მოიგო ვერც ერთი დიდი შეჯიბრი.

ანატოლი ტარასოვი
შემადგენლობა ძალზე ძლიერი იყო: მეკარეები: ბორის ზაიცევი და ვიქტორ კონოვალენკო; მცველები: მომავალი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები: ალექსანდრ რაგულინი, ვიტალი დავიდოვი და ვიქტორ კუზკინი; ფორვარდები: ძმები-ევგენი და ბორის მაიოროვები, ვიაჩესლავ სტარშინოვი, კონსტანტინ ლოკტევი, ალექსანდრ ალმეტოვი, ვიქტორ იაკუშევი, ვლადიმირ იურზინოვი, ასევე მომავალი სამგზის ოლიმპიადის გამარჯვებული ანატოლი ფირსოვი... თოთხმეტი მათგანი იმ შემადგენლობიდან მომდევნო წელს გახდება მსოფლიო ჩემპიონი. საბჭოთა ნაკრებმა 1963 წლიდან 1972 წლის ჩათვლით მოიგო სამი ოლიმპიური ტურნირი (1964,1968,1972) და შვიდი მსოფლიო ჩემპიონატი (1963,1965,1966,1967,1969,1970,1971). მათი „ოქროს სერია“ შეწყდა 1972 წლის მსოფლიო პირველობაზე. წარმოიდგინეთ, როგორ მძლავრ შემადგენლობაზეა საუბარი. რაგულინი, კუზკინი და სტარშინოვი ითამაშებენ 1972 წლის სუპერსერიაში კანადასა და სსრკ-ას შორის (Summit Series). რაც შეეხება „Windsor Bulldogs“, იმხანად გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო სახელგანთქმული ჰარი უოტსონი, სტენლის თასის ხუთგზის მფლობელი.

ვინძორელი ბულდოგები
Windsor Arena-ზე 3353 მაყურებლის თვალწინ კანადელებმა გაანადგურეს საბჭოელები 9:2 (3:0,2:2,4:0). მასპინძლებიდან თავი გამოიჩინეს: ტომი უოლკერმა (2), ბობი ბრაუნმა (2), ირვინ გროსმა (2), რეალ შევრეფილსმა (2) და ლუ ბენდომ. მხოლოდ მეორე პერიოდში შეძლეს გოლების გატანა ედუარდ ივანოვმა და ვიაჩესლავ სტარშინოვმა. ბრწყინვალედ ითამაშა გამარჯვებულთა გოლკიპერმა მონტი რეინოლდსმა, რასაც ვერ ვიტყვით ზაიცევზე. “შესანიშნავია, უბრალოდ, შესანიშნავი,“ - თამაშის დასრულების შემდეგ უოტსონი აღფრთოვანებული იყო: „ჩვენმა ბიჭებმა უბრალოდ ბრწყინვალე თამაში ჩაატარეს. სუსტი ადგილი არსად გვქონია“. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შევრეფილსი „ბულდოგებში“ გამოსვლამდე თამაშობდა NHL-ში „ბოსტონ ბრუინზსა“ და „დეტროიტ რედ უინგზში“. 1957 წელს ლიგის მეორე All Star-შიც შეიყვანეს მარცხენა ვინგერის პოზიციაზე. გასაგებია, როგორ ხასიათზე იქნებოდნენ ასეთი მარცხის შემდეგ საბჭოთა გუნდის მესვეურები, თუმცა, მაინც თავშეკავებულად შეხვდნენ ამ ამბავს. „ცოტა გვრცხვენია დღევანდელი თამაშის“,-თქვა ტარასოვმა.-„მაგრამ უინძორის გუნდი შესანიშნავი იყო“. აი, ასეთი იყო ეს ისტორია (სამწუხაროდ, ამ თამაშის სრული ვიდეოჩანაწერი არ მოიძებნა, მხოლოდ მოკლე ნაწყვეტებიღაა შემორჩენილი „Bulldogs“-ის კლუბის არქივიდან).