გმირობიდან კლასობრივ მტრებამდე
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, 1947 და 1949 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე გაიმარჯვა ჩეხოსლოვაკიის მართლაც რომ ბრწყინვალე ნაკრებმა. შუალედში, 1948 წლის ოლიმპიურ ტურნირზე კი, ვერცხლის მედალს დაეუფლა, სადაც კანადის უძლეველ გუნდთან უგოლო ფრე ითამაშა და მხოლოდ გატანილი და მიღებული შაიბების სხვაობით ჩამორჩა მას. მეორე ტრიუმფის შემდეგ ნაკრების მოთამაშეები ეროვნულ გმირებად შერაცხეს სამშობლოში. თავად ქვეყნის პრეზიდენტმა და კომუნისტური პარტიის ლიდერმა კლემენტ გოტვალდმა და მაღალი თანამდებობის სხვა პირებმაც მიულოცეს წარმატება ჰოკეისტებს. ბოლო გამარჯვებიდან სულ 386 დღე იყო გასული, როცა ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. დღევანდელი გმირები იქცნენ ქვეყნის მტრებად. კომუნისტურმა რეჟიმმა ნაკრების ჰოკეისტები დაადანაშაულა სამშობლოს ღალატსა და ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში. ისინი დააპატიმრეს და გაასამართლეს.

ჩეხოსლოვაკიის ეროვნული ნაკრები. 1949 წელი.
რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი? საქმე ისაა, რომ 1950 წელს მსოფლიო პირველობა იმართებოდა დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, ლონდონში (13-22 მარტი). 11 მარტს ნაკრების წევრები უნდა გაფრენილიყვნენ რუზინეს აეროპორტიდან. როცა ადგილზე გაიგეს, რომ აღარ მიემგზავრებოდნენ. თავიდან ისე იყო საქმე, რომ ბრიტანეთის მთავრობამ ორ ჩეხ სპორტულ ჟურნალისტს ვიზები არ მისცა და ამის გამო ჰოკეისტებს პროტესტის ნიშნად უარი უნდა ეთქვათ იქ გამგზავრებაზე. შემდეგ მათ უთხრეს, რომ 13 მარტს უნდა გამოცხადებულიყვენ პრაღაში ტირშას სასახლეში, სადაც უნდა გარკვეულიყო თუ რა იქნებოდა შემდგომი ნაბიჯები. იქ გაიგეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე აღარ მიდიოდნენ. რეალური მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა როგორც ჩანს კომუნისტურ რეჟიმს ეშინოდა, რომ ნაკრების წევრები დარჩებოდნენ ინგლისში და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდნენ. ამისი მაგალითი იყო ფიგურული მოციგურავე ალენა(აია) ვრზანიოვა, რომელმაც იმავე წლის მარტის დასაწყისში, მსოფლიო პირველობაზე ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, ლონდონში დარჩენა არჩია. შემდეგ ის აშშ-ში გადასახლდა. უფრო ადრე, 1949 წელს, შვეიცარიაში დარჩა სახელგანთქმული ჩოგბურთელი და ჰოკეისტი იაროსლავ დრობნი. ამ უკანასკნელს ეგვიპტემ მისცა მოქალაქეობა. ასევე უძლიერესი პრაღული კლუბის - LTC-ის რამდენიმე მოთამაშე მიიმალა დავოსში(შვეიცარია) შპენგლერის თასის გათამაშების დროს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჰოკეისტთა ნაკრების წევრებს ადრეც ჰქონდათ მსგავსი მცდელობები, მაგალითად 1948 წლის სანკტ-მორიცის(შვეიცარია) ოლიმპიადის დროს.
წარმოიდგინეთ, როგორი იყო ნაკრების მოთამაშეთა იმედგაცრუება, როცა ერთი წელი ემზადებოდნენ ამ ჩემპიონატისათვის, სადაც უნდა დაეცვათ მოპოვებული ტიტული. 13 მარტს, როცა გაირკვა ყველაფერი, ნაკრების წარმომადგენლები ვინც მორავიას წარმოადგენდნენ შინ გაემგზავრნენ, ხოლო დანარჩენები გაემართნენ ადგილობრივი პაბისკენ, რომელსაც ერქვა „U Herclíků“ და მდებარეობდა ნაციონალური თეატრის გვერდით. გამოძიების მასალების თანახმად, ისინი იმიტომ მივიდნენ იმ პაბში, რომ გაეკეთებინათ პროვოკაციული და ცილისმწამებლური განცხადებები კომუნისტური პარტიის და მთავრობის მისამართით. ამის შესახებ უშიშროების ორგანოებს აცნობა პაბში მყოფმა ერთერთმა ქალბატონმა, რასაც სწრაფად მოყვა რეაგირება. აუგუსტინ(გუსტავ) ბუბნიკი იხსენებდა, რომ მათი ნაწილი გარეთ მოედანზე გამოვიდა და ხმამაღლა ყვიროდა: „სიკვდილი კომუნისტებს!“, “არავის მივცემთ უფლებას, რომ ფრთები დაგვაჭრას!“. „ბარში როგორც ჩანს ისხდნენ უშიშროების აგენტები. ისინი მივარდნენ მოთამაშეებს, სურდათ მათი დაკავება. ატყდა ჩხუბი და აყალმაყალი. აგენტებმა დაუსტვინეს და მოვიდა გაძლიერებული ქვედანაყოფი სატვირთო მანქანით. ყველანი დაგვაკავეს.“

ბოჰუმილ მოდრი მსოფლიო ჩემპიონატის თასით. პრაღა.

ბოჰუმილ მოდრი
სულ დააპატიმრეს 11 ჰოკეისტი: ორგზის მსოფლიო ჩემპიონები: ბოჰუმილ მოდრი, სტანისლავ კონოპასეკი და ვაცლავ როზინიაკი; 1949 წლის ჩემპიონები: აუგუსტინ ბუბნიკი, ვლადიმირ კობრანოვი, იოზეფ ჟირკა, ირჟი მაცელისი, პრჟემისლ ჰაინი; გუნდის შედარებით ახალი წევრები: ანტონინ შპანინგერი, ზლატკო ჩერვენი და იოზეფ სტოკი. მოდრი გახლდათ იმ ეპოქის საუკეთესო გოლკიპერი, ჩეხოსლოვაკების გამარჯვების მთავარი შემოქმედი, რომელიც არც იყო იმ ბარში და მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლასაც არ აპირებდა. როგორც ირკვევა, მას სურდა NHL-ში თამაში. თავიდან დათანხმდნენ, რომ გაუშვებდნენ ამერიკაში, მერე კი უარი უთხრეს. ამის შემდეგ მან დაასრულა ნაკრების სახელით გამოსვლა. სავარაუდოდ, ამ თავნებობის გამო ხელისუფლებამ გადაწყვიტა მისი დასჯა და სრულიად უმიზეზოდ მთავარ დამნაშავედაც კი შერაცხა. მათ წინააღმდეგ აღძრულ საქმეს უწოდეს „მოდრისა და სხვა ანტისახელმწიფოებრივი ჯგუფის საქმე“. ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველა იყო ჩეხი, არც ერთი-სლოვაკი.

ვაცლავ როზინიაკი
1948 წლის 8 ნოემბერს თვითმფრინავი, რომელსაც ნაკრების მოთამაშეების ნაწილი მიჰყავდა პარიზიდან ლონდონში სათამაშოდ, ჩამოვარდა ლა-მანშის სრუტეში. დაიღუპა 6 ჰოკეისტი. ამ ტრაგედიის შემდეგ ჯერ კიდევ არ ჰქონდა ქვეყანას მოშუშებული იარები და ახალი უბედურება დაატყდა თავს. ეკზეკუციას გადაურჩა ორგზის მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ვლადიმირ ზაბროდსკი. მან 1947 წლის პირველობაზე მეტოქეებს გაუტანა 29 შაიბა(!), 1948 წლის ოლიმპიადაზე-21, ხოლო 1949 წელს-9. ის მხოლოდ ნაკრებს ჩამოაშორეს. მართალია, ზაბროდსკი არ იმყოფებოდა იმ დღეს იმ ბარში, თუმცა, მაინც გაურკვეველია, თუ როგორ გადაურჩა ის დაპატიმრებას. იყო ასეთი ვერსია, რომ იგი გახლდათ „თხუნელა“ ანუ დამსმენი, თუმცა, არც გამოძიების მასალებით და არც დოკუმენტებით არ დასტურდება ეს ამბავი. მხოლოდ ბუნდოვანი ეჭვი დარჩა.

სტანისლავ კონოპასეკი
კონოპასეკი ფიქრობდა, რომ იგი ამ ისტორიას უვნებლად იმიტომ გადაურჩა, რომ თანაგუნდელებს დასწამა ცილი და ამით თავი დააღწია მოსალოდნელ სასჯელს. დაკავებულ ჰოკეისტებს ძალიან ცუდად ექცეოდნენ წინასწარი პატიმრობის საკნებში: დასცინოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, სცემდნენ, აწამებდნენ, აშიმშილებდნენ კიდეც. ისინი მოათავსეს ჰრადჩანიში არსებულ ე.წ. დომეჩეკში, რომელიც ცნობილი იყო ყველაზე სასტიკი წამების ადგილად. ადგილობრივ კამერებში საშინლად ექცეოდნენ პატიმრებს. ბუბნიკმა 50 კილოგრამი დაიკლო წონაში, ხოლო როზინიაკი ისე ცუდად გახდა, რომ საპატიმროს ექიმის დაჟინებულ მოთხოვნით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზეწოლა ხორციელდებოდა დატუსაღებულთა ოჯახებზეც. ზოგიერთი გამოასახლეს საცხოვრებელი ადგილიდან და თავშესაფრის გარეშე დატოვეს. მთავრობას ეშინოდა ხალხის რეაქციის. ამიტომ ცდილობდა, რაც შეიძლება დაემძიმებინა სურათი და ჰოკეისტები ქვეყნის წინაშე დამნაშავეებად გამოეყვანა. სასამართლო პროცესი დაიწყო 1950 წლის 6 ოქტომბერს. თავდაპირველად, იგი უნდა ყოფილიყო საჯარო, მაგრამ ხელისუფალთა შიშის გამო დახურულად წარიმართა. პროცესი მხოლოდ ფორმალობა გახლდათ, ყველაფერი წინასწარ იყო დაწერილი. თერთმეტივე ჰოკეისტი დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო ღალატსა და შპიონაჟში. განაჩენში ნათქვამი იყო, რომ ნაკრების წევრები არასაიმედონი იყვნენ, რომლებიც გუნდში მხოლოდ ხელმძღვანელობის უყურადღებობის გამო მოხვდნენ. ბრალდებულები ორად გაყვეს. ერთ ნაწილს, რომელსაც მთავარ დამნაშავედ თვლიდნენ, მიუსაჯეს 10-დან 15 წლამდე, მეორე ნაწილს-ნაკლები. გარდა სამშობლოს ღალატისა, როზინიაკის აბრალებდენ სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხების მოწყობის მცდელობასა და თანამდებობის პირების მიმართ ცილისწამებას. საბოლოოდ, მოდრის მიუსაჯეს-15 წელი, ბუბნიკს-14, კონოპაშეკს-12, როზინიაკისა და კობრანოვს-10-10, ჟირკას-6, ჩერვენის-3, მაცელისს-2, შპანინგერსა და ჰაინის-1-1 წელი, სტოკს კი-8 თვე. გარდა ამისა, მათ ჩამოართვეს სამოქალაქო უფლებები, მოახდინეს მათი ქონების კონფისკაცია და დააკისრეს ფულადი ჯარიმების გადახდა. ჰოკეისტების ძირითადი ნაწილი მოათავსეს პლზენში არსებულ ბორის ციხეში. უუფლებო პატიმრებს იყენებდნენ როგორც სურდათ. მოდრის, ბუბნიკსა და როზინიაკის ამუშავებდნენ იახიმოვში არსებულ ურანის მომპოვებელ საბადოში. მოდრის ჯანმრთელობა ძლიერ შეარყია მაღაროში მუშაობამ. ანალოგიურად გაამწესეს ასეთ სამუშაოზე კონოპაშეკიც. 1955 წელს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანტონინ ზაპოტოცკიმ შეიწყალა ჰოკეისტები და ისინი გაათავისუფლეს. ყოფილმა პატიმრებმა ისევ შეძლეს ჰოკეის თამაში. ჩერვენი თამაშობდა 1956 წლამდე, ჟირკა-1958-მდე, ბუბნიკი და ჰაინი-1962-მდე, კონოპასეკი-1963-მდე, როზინიაკი, კობრანოვი და შპანინგერი-1964-მდე, მაცელისი-1965-მდე. სტოკმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ერთი არასრული სეზონი ჩაატარა და სამწვრთნელო მოღვაწეობას მიჰყო ხელი. მათ ყველას აეკრძალა ეროვნულ გუნდში თამაში (მხოლოდ შპანინგერმა ითამაშა 2 ამხანაგური მატჩი). სამაგიეროდ, ვლადიმირ ზაბროდსკი დააბრუნეს იქ. მან იასპარეზა 1954-55 წლების მსოფლიო პირველობებსა და 1956 წლის ოლიმპიადაზე (1965 წელს მან ოჯახთან ერთად შვედეთში ჰპოვა თავშესაფარი, სადაც გარდაიცვალა 97 წლის ასაკში). ბოჰუმილ მოდრი 1963 წელს 46 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. 1968 წელს ჰოკეისტებს მოეხსნათ ყველა ბრალდება და ისინი რეაბილიტირებულ იქნენ. ამ წელს როზინიაკი წავიდა ემიგრაციაში და სიცოცხლის ბოლომდე შვეიცარიაში ცხოვრობდა. ბუბნიკი 1998-2002 წლებში გახლდათ ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატი. დღეისთვის მაინც დარჩა ბოლომდე გაურკვეველი, თუ რატომ გაიმეტეს ასე ის ჰოკეისტები, რომლებიც ცოტა ხნის წინ გმირები იყვნენ. ზოგიერთი ამას აბრალებს საბჭოთა კავშირის მაშინდელ ხელისუფლებას, რომელიც ახდენდა გავლენას ჩეხოსლოვაკიის ლიდერებზე. თითქოს ამით მან საბჭოთა ნაკრებს ტექნიკურად მოაშორა კონკურენტი, თუმცა, სსრ კავშირის გუნდი პირველად დიდ ფორუმზე მხოლოდ 1954 წელს გამოჩნდა. ამ ვერსიის საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ ლეგენდარული ანატოლი ტარასოვი სპეციალურად ჩავიდა ჩეხოსლოვაკიაში ავადმყოფი მოდრის მოსანახულებლად. სპორტის ისტორიკოსი თომაშ კუჩერა ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მოხდა სპონტანურად, რომ თავიდან არ იყო დაგეგმილი მსგავსი ეკზეკუცია. იმ პაბში შემდგარმა თავყრილობამ უბიძგა მთავრობას, რომ სამაგალითოდ დაესაჯა ე.წ. ბუნტარები დასაშინებლად იმ ხალხისა, რომელსაც აზრად ჰქონდა ქვეყნიდან გაქცევა. გარდა ამისა, დაძირეს LTC-ის გუნდი როგორც ბურჟუაზიული გადმონაშთი. რომელშიც სწორედ ამ გუნდში თამაშობდნენ: მოდრი, კონოპასეკი, ბუბნიკი, ჰაინი და ზაბროდსკი. ამ ამბების შემდეგ ჩეხოსლოვაკიის ნაკრები კარგა ხანს ვერ დადგა ფეხზე. მხოლოდ 1955 წელს დაიკავა მესამე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე. იმ ტურნირზე ზაბროდსკიმ 13 გოლი გაიტანა.