ნაგანო 1998 - საოცარი ტრიუმფი
1998 წელს ნაგანოს (იაპონია) ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოხდა ისტორიული მოვლენა. ჰოკეისტთა ტურნირზე პირველად იასპარეზეს პროფესიონალებმა - NHL-ის მოთამაშეებმა. მართლაც რომ გრანდიოზული ამბავი გახლდათ. გულშემატკივრებს შეეძლოთ, ეხილათ მათი საყვარელი და სათაყვანო ჰოკეისტების თამაში ესოდენ დიდ ფორუმზე. 7-22 თებერვალს ყინულის ორ მოედანზე (Big Hat და Aqua Wing Arena) მიმდინარეობდა შეჯიბრი. ოლიმპიადის გამო ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ ჩვიდმეტდღიანი შესვენება გამოაცხადა. ტურნირის ფორმატი ასეთი იყო: წინასწარ ეტაპზე ოთხგუნდიანი ორი ჯგუფი შეიქმნა, რომელთაგან გამარჯვებულები მთავარ ტურნირზე შეუერთდა დიდი ექვსეულის - კანადის, აშშ - ის, შვედეთის, რუსეთის, ჩეხეთისა და ფინეთის გუნდებს. ჯგუფებში პირველი ადგილი დაიკავეს ყაზახეთმა და ბელარუსმა. ძირითად ეტაპზე მათ დააკომპლექტეს ორი ჯგუფი ზემოთ ნახსენებ ექვსეულთან ერთად. პირველ ჯგუფში, ანუ „C"-ში მოხვდნენ: რუსეთი, ჩეხეთი, ფინეთი და ყაზახეთი, მეორეში - ანუ „D"-ში: კანადა, აშშ, შვედეთი, ბელარუსი. ჯგუფური ტურნირის შემდეგ ყველა გუნდი ერთმანეთს ხვდებოდა პლეიოფში მეოთხედფინალურ ეტაპზე და წყვილდებოდა მათ მიერ დაკავებული ადგილების მიხედვით. შემდეგ კი ჩვეულებრივად ნოკაუტ სისტემა მოქმედებდა. სლოვაკებმა ფიასკო განიცადეს და ვერ გასცდნენ წინასწარ ეტაპს. საბოლოოდ, ისინი მეათე ადგილზე გავიდნენ, წააგეს რა გერმანიასთან მე-9 ადგილისათვის გამართული მატჩი (2:4). რაც შეეხება მედალთა პრეტენდენტებს. ტურნირის მთავარი ფავორიტი გახლდათ კანადის ნაკრები, რომლის მთავარ მწვრთნელადაც მარკ კროუფორდი დანიშნეს. მან ძალზე ძლიერი მოთამაშეებით დააკომპლექტა გუნდი. თავად განსაჯეთ: უეინ გრეცკი, რომლისთვისაც მსგავს ტურნირზე ოქროს მედლის მოპოვების ბოლო შესაძლებლობა იყო (მის აქტივში, კანადის სამი თასის გარდა, მხოლოდ 1982 წლის მსოფლიო პირველობის ბრინჯაო იყო); სამი ლეგენდარული გოლკიპერი: პატრიკ რუა, მარტენ ბროდორი და კერტის ჯოზეფი; მცველები: რეი ბურკი, ელ მაკინისი, სქოთ სტივენსი, რობ ბლეიკი, ქრის პრონგერი; ფორვარდები: სტივ აიზერმენი, ბრენდან შანაჰანი, ჯო საკიკი, ჯო ნიუინდაიკი, ტეო ფლორი, ერიკ ლინდროსი, მარკ რექი, როდ ბრინდ'ამორი. მეტი რაღა გინდა, თუმცა, კროუფორდი მაინც გააკრიტიკეს იმის გამო, რომ არ წაიყვანა: მარკ მესიე, რონ ფრენსისი, ადამ ოუთსი, დაგ გილმორი და სქოთ ნიდერმაიერი. ასევე იმის გამოც, რომ კაპიტნად არა გრეცკი, არამედ ლინდროსი დანიშნა. წინა ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი პოლ კარია ტრავმირებული იყო და ვერ დაეხმარა ნაკრებს. არც აშშ-ს ნაკრები გახლდათ ურიგო. რონ უილსონის განკარგულებაში იყვნენ მეკარეები: მაიკ რიხტერი და ჯონ ვანბისბრუკი; მცველები: ქრის ჩელიოსი, ბრაიან ლიჩი, კევინ ჰეტჩერი; თავდამსხმელები: ბრეტ ჰალი, მაიკ მოდანო, ჯონ ლეკლერი, პეტ ლაფონტენი, კიტ ტკაჩუკი, ტონი ამონტე, ჯერემი რენიკი. შვედებს ჰყავდათ: ნიკლას ლიდსტრიომი, მათს სუნდინი, დანიელ ალფრედსონი, თომას სანდსტრიომი; წინა ოლიმპიადის გამარჯვებულები: პეტერ ფორსბერგი და იორგენ იონსონი; ფინელებს: იარი კური, ტეემუ სელიანე, საკუ კოივუ, იერე ლეჰტინენი, ესა ტიკანენი, ვილე პელტონენი, რაიმო ჰელმინენი; რუსებს - „რაკეტა" პაველ ბურე, სერგეი ფიოდოროვი, ვალერი კამენსკი, ალექსეი იაშინი, სერგეი ნემჩინოვი, სერგეი გონჩარი, ალექსეი ჟამნოვი (სულ მათ რიგებში იყო 10 ოლიმპიური ჩემპიონი, მათ შორის, იგორ კრავჩუკი, რომელიც ორჯერ - 1988, 1992 წლებში გახდა ოქროს მედალოსანი); ჩეხებს ჰყავდათ მეკარე „დომინატორი" დომინიკ ჰაშეკი, ასევე იარომირ იაგრი, მილან ჰეიდუკი, მარტინ სტრაკა, ვლადიმირ რუჟიჩკა, მარტინ რუჩინსკი, რობერტ რაიხელი, რობერტ ლანგი, მარტინ პროხაზკა.
ტურნირის პერიპეტიების აღწერა შორს წაგვიყვანს. ამიტომ ვთქვათ, რომ გადამწყვეტ შერკინებას შემორჩნენ: ჩეხეთის რესპუბლიკა და რუსეთი. ჩეხებმა წააგეს ჯგუფურ ეტაპზე - 1:2 და მათ პირველი ადგილი დაუთმეს. აი, მათი განვლილი გზა ფინალამდე: რუსეთი - ჯგუფ.ტურნირი: ყაზახეთი - 9:2, ფინეთი - 4:3, ჩეხეთი - 2:1; მეოთხედფინალი: ბელარუსი - 4:1, ნახევარფინალი: ფინეთი - 7:4. ჩეხეთი - ჯგუფ.ტურნირი: ფინეთი - 3:0, ყაზახეთი - 8:2, რუსეთი - 1:2; მეოთხედფინალი: აშშ - 4:1, ნახევარფინალი: კანადა - 2:1 ბულიტებით (shootout) (1:1ო.ტ.). „სუომისთან" ნახევარფინალში გაიბრწყინა პაველ ბურემ, რომელმაც 5 შაიბა გაუტანა მეტოქეს. რაც შეეხება ჩეხეთ - კანადის მატჩს, იგი ძალზე დაძაბული და დრამატული აღმოჩნდა. აღმოსავლეთევროპელები იგებდნენ კიდეც 1992 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორ ირჟი შლეგრის გოლით. თამაშის დასრულებამდე წუთზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი, როცა ტრევორ ლინდენმა გაათანაბრა ანგარიში. ვერც ოვერტაიმმა გამოავლინა გამარჯვებული. ყველაფერი გადაწყდა ბულიტების სერიაში, სადაც შაიბის გატანა მოახერხა ერთადერთმა კაცმა - რობერტ რაიხელმა. ხუთი კანადელი გამოვიდა ყინულზე და ვერც ერთმა ვერ დალაშქრა ჰაშეკის კარი. ფლორი, ბურკი, ნიუიდაიკი, ლინდროსი და შანაჰანი პირშიჩალაგამოვლებული დატოვა ფანტასტიკურად მოთამაშე დომინატორმა. ერთი მომენტი დარჩა ბოლომდე გაურკვეველი: ლინდროსის დარტყმის დროს შაიბა ძელს ხვდება, მაგრამ ვიდეოგანმეორებებზეც არ ჩანს გარკვევით: ჩეხ მეკარეს ხვდება (უფრო სწორად, ეხება) და მერე ეჯახება ძელს თუ პირდაპირ ხვდება ნატყორცნი ამ უკანასკნელს. გრეცკი არ მონაწილეობდა shootout-ებში. ჩეხებიდან ბულიტი ვერ გაუტანეს პატრიკ რუას: რუჩინსკიმ, პაველ პატერამ და იაგრმა (ამ უკანასკნელმა ძელს გაარტყა). „ნეკერჩხლის ფოთლების" ოლიმპიური იმედები დასამარდა. „დიადი ვინმე" პირგამშრალი და უსიცოცხლო სახით იჯდა სკამზე. ოლიმპიადის შემდეგ კროუფორდი გაკიცხეს კიდეც იმის გამო, რომ გრეცკისა და აიზერმენს არ მისცა ბულიტების შესრულების უფლება. სამაგიეროდ, ჰაშეკი იქცა გმირად. საერთოდაც, იმ ტურნირზე იგი უბადლო გახლდათ. მოკლედ, ფინალში გავიდნენ ისინი, ვისაც ნაკლებად ელოდნენ: სოციალისტური ქვეყნების ბანაკის დაშლის შემდგომ დარჩენილი მემკვიდრეები: ჩეხოსლოვაკიის (იგივე ჩეხეთ - სლოვაკეთი) - ჩეხეთი, სსრ კავშირის - რუსეთი. ჩეხოსლოვაკიის ნაკრები ოლიმპიურ თამაშებზე შორეული 1920 წლიდან გამოდიოდა და ვერც ერთხელ ვერ გახდა ჩემპიონი: ოთხ - ოთხჯერ მოიპოვა ვერცხლისა (1948, 1968, 1976, 1984) და ბრინჯაოს (1920, 1964, 1972, 1992) მედლები. „დერჟავის" გუნდი კი შვიდჯერ იყო ტრიუმფატორი: 1956, 1964, 1968, 1972, 1976, 1984, 1988წწ. ასევე თითოჯერ - მეორე (1980) და მესამე (1960). 1992 წელს ჩემპიონი გახდა გაერთიანებული გუნდი, რომელიც ფაქტობრივად, სსრკ-ის ნაკრები იყო (ოფიციალურად-დსთ). კარგად მოგეხსენებათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანა ვარშავის ხელშეკრულების სახელმწიფოთა კავშირის წევრი იყო და კომუნისტური რეჟიმები მართავდა სპორტის ამ სახეობაში დაუძინებელი მტრები იყვნენ. განსაკუთრებით დაიძაბა ურთიერთობა 1968 წლის ცნობილი „პრაღის გაზაფხულის" მოვლენების შემდგომ (სწორედ ამიტომ ეცვა „68" ნომრიანი მაისურა იაგრს). ათწლეულების განმავლობაში პატარა ქვეყანა ყველაზე დიდ წინააღმდეგობას უწევდა „წითელ მანქანას" და ოთხჯერ წაგლიჯა კიდეც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული (1972, 1976, 1977, 1985წწ.). დამოუკიდებლად, რუსები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ 1993 წელს, ხოლო ჩეხები - 1996 წელს. წინა - ლილეჰამერის ოლიმპიადაზე პირველები მეოთხე ადგილს დასჯერდნენ, ხოლო მეორენი - მეხუთეს. ამჟამინდელ შემადგენლობაში რუსეთის ნაკრებში 23 კაციდან ყველა NHL-ში თამაშობდა, ჩეხეთის ნაკრებში კი მხოლოდ-11. ამ უკანასკნელის რიგებში გამოდიოდა 34 წლის ვლადიმირ რუჟიჩკა, რომელიც 1984 წელს ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალს დაეუფლა და 1985 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. „დომინატორი" 1983 წლიდან გამოდიოდა დიდების ნაკრებში. ნათამაშევი ჰქონდა 1984 წლის კანადის თასსა და 1988 წლის ოლიმპიადაზე. რუსების მთავარი მწვრთნელი გახლდათ ვლადიმირ იურზინოვი (სსრკ-ის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი 1974-87, 1991-92 წლებში), რომელსაც ეხმარებოდნენ ზინეტულა ბილიალეტდინოვი (1984 წლის ოლიმპიური და ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონი) და პიოტრ ვორობიოვი, ხოლო ჩეხების-ლეგენდარული ივან ჰლინკა, წარსულში ბრწყინვალე მოთამაშე, ჩეხოსლოვაკების ოქროს თაობის ერთ-ერთი შემოქმედი, სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი. ასისტენტი მწვრთნელები იყვნენ არანაკლებ სახელოვანი ვლადიმირ მარტინეცი (იმავე ტიტულების მფლობელი) და სლავომირ ლენერი. ჰლინკამ განაცხადში შეიყვანა 32 წლის „ფილადელფიელი" მცველი პეტრ სვობოდა, რომელიც 1984 წელს სოციალისტური ქვეყნიდან გაიქცა და კანადის მოქალაქეობა მიიღო. მწვრთნელი საათობით იდგა საპასპორტო ოფისთან გრძელ რიგში, რათა დროულად მოეგვარებინა მისთვის მოქალაქეობის მიღება. ჩეხებს დააკლდათ კარგ ფორმაში მყოფი რობერტ (ბობი) ჰოლიკი (მან ამერიკის მოქალაქეობა მიიღო და ვერ შეძლო მონაწილეობა), ხოლო რუსებს-ალექსანდრ მოგილნი (რუსეთის ჰოკეის ფედერაციასთან უთანხმოების გამო უარი განაცხადა ასპარეზობაზე). ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ალბერვილის ოლიმპიადის გამარჯვებულ ალექსეი ჟიტნიკზე, რომელიც კიევში დაიბადა. აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ ის მშობლიურ უკრაინას დაუბრუნდა და იქაური მოქალაქეობა მიიღო. სანამ გადავალთ მთავარ დუელზე, გეტყვით, რომ მანამდე გამართულ მატჩში მესამე ადგილისათვის ფინელებმა დაამარცხეს გულგატეხილი კანადელები - 3:2 და უმედლოდ დატოვეს ოკეანისგაღმელები. „დიადი" უეინ გრეცკი ბრინჯაოს მედალსაც ვერ შეწვდა. სამწუხარო ფაქტი გახლავთ. მის ანგარიშზე იმ ტურნირზე მხოლოდ ოთხი ქულა იყო ექვს თამაშში და არც ერთი გატანილი შაიბა (ოთხი ასისტი). ახლა თავად ფინალი. 22 თებერვალი. Big Hat. 10 010 მაყურებელი.
გუნდების შემადგენლობა. ჩეხეთი: დომინიკ ჰაშეკი - რიხარდ შმეჰლიკი, ირჟი შლეგრი - რომან ჰამრლიკი, პეტრ სვობოდა - იაროსლავ შპაჩეკი, ფრანტიშეკ კუჩერა - მარტინ სტრაკა, ვლადიმირ რუჟიჩკა (კაპ.), იარომირ იაგრი(ა.) - მარტინ რუჩინსკი, რობერტ რაიხელი (ა.), რობერტ ლანგი - იოზეფ ბერანეკი, ირჟი დოპიტა, დავიდ მორავეცი - პაველ პატერა, მარტინ პროხაზკა, მილან ჰეიდუკი. სათადარიგოები: რომან ჩეხმანეკი (მეკარე), ლიბორ პროხაზკა, იან კალოუნი. არ იყო საფინალო განაცხადში: მილან ჰნილიჩკა (მეკარე). რუსეთი: მიხაილ შტალენკოვი - დმიტრი მირონოვი, ალექსეი გუსაროვი - ბორის მირონოვი, დარიუს კასპარაიტისი (ა.) - დმიტრი იუშკევიჩი, ალექსეი ჟიტნიკი - სერგეი გონჩარი, იგორ კრავჩუკი - პაველ ბურე (კაპ.), ალექსეი ჟამნოვი, ვალერი კამენსკი - ანდრეი კოვალენკო, ალექსეი იაშინი(ა.), სერგეი ფიოდოროვი - ვალერი ბურე, სერგეი ნემჩინოვი, სერგეი კრივოკრასოვი - ალექსეი მოროზოვი, გერმან ტიტოვი, ვალერი ზელეპუკინი. სათადარიგო: ანდრეი ტრეფილოვი (მეკარე); არ იყო საფინალო განაცხადში: ოლეგ შევცოვი (მეკარე). რეფერი: ბილ მაკკრირი (კანადა); ლაინსმენები: ულფ რონმარკი (შვედეთი) და რეი სკაპინელო (კანადა) უმთავრესი და დასამახსოვრებელი მომენტები. 1-ლი პერიოდი არ იყო დახუნძლული სახიფათო მომენტებით, მიუხედავად იმისა, რომ კარის აღების მცდელობები იყო ორივე მხრიდან.03:20წთ. მარცხენა ფლანგზე გაჭრილ მორავეცს დოპიტას პასი მიუვიდა, პირველმაც კარგად დაარტყა, მაგრამ შტალენკოვი შეუვალი იყო. 4:21წთ. კარგი შანსი ჰქონდა კამენსკის, რომელიც იაშინმა პრაქტიკულად მარტო დატოვა ჰაშეკთან, მაგრამ მეკარემ მოიგერია მისი დარტყმა. 9:28წთ. პაველ ბურეს კარგი შესვლა მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ, დარტყმა და ჩეხი გოლკიპერი იგერიებს შაიბას. 19:05წთ. ჟიტნიკი მაგრად შეეჯახა იაგრს და იძულებული გახადა, მოედანი დაეტოვებინა. მთელი პერიოდის განმავლობაში რუსებმა ვერც ერთხელ ვერ გამოიყენეს თამაში მეტობით. კარგად მოქმედებდნენ ჩეხი მცველები, ხოლო „დომინატორი" ცდილობდა მის სიახლოვეს არავინ გაეჭაჭანებინა.
ორწუთიანი ჯარიმა: ჰაშეკი (10:10წთ.) (გაძევების გარეშე), იაგრი (16:13წთ.), სვობოდა (19:24წთ.) - ბ.მირონოვი (1:11წთ.) კარში დარტყმები: 6:9 ანგარიში: 0:0
მე-2 პერიოდი უფრო საინტერესო და მომენტებით დატვირთული გამოდგა. 21:55წთ. ბერანეკმა და იაგრმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს. ეს უკანასკნელი ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა და გადამწყვეტ დარტყმას ასრულებდა კარისკენ, როცა კასპარაიტისმა მოასწრო ხელის შეშლა და შტალენკოვს ხიფათი აარიდა. შაიბა ასცდა კარებს. 23:45წთ. სტრაკას პასის შემდეგ კუჩერა ურტყამდა მძლავრად კარში ხუთიოდე მეტრიდან და შტალენკოვმა მოიგერია ფეხით, გამოვარდნილ შაიბას ყვანჭი უთავაზა შპაჩეკმა და ისიც მოიგერია 1992 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულმა. 28:11წთ. კოვალენკო მარტო დარჩა ჰაშეკთან კარის წინ, მაგრამ ვერ აჯობა გოლკიპერს. ჩეხი მთელი ტანით გაწვა ძირს და ისე მოიგერია შაიბა.30:15წთ. წინ გაჭრილმა იაგრმა ძლიერად დაარტყა კარისკენ და ძელმა იხსნა რუსები. 36:21წთ. ნაკლებობაში მყოფმა ჩეხებმა შაიბა იგდეს ხელთ, პატერა პირისპირ გავიდა მეკარესთან და შტალენკოვმა არ დაანება გოლის გატანა, უფრო ზუსტად, ჩეხმა ვეღარ მიარტყა ბოლო მომენტში შაიბას ყვანჭი, რათა გადაეგზავნა კარში. ორწუთიანი ჯარიმა: სვობოდა (35:49წთ.) კარში დარტყმები: 5:6 ანგარიში: 0:0. მე-3 პერიოდი. ჩეხები ძალზე გააქტიურდნენ ამ მონაკვეთში და ხშირად ატარებდნენ დროს შეტევაში. 46:46წთ. რუსების მეკარის მორიგი კარგი მოგერიება ლანგის დარტყმის შემდეგ 47:45წთ. უმწვავესი მომენტი შეიქმნა რუსების კართან: იაგრი შეტევაზე გადავიდა, მიაწოდა დიაგონალური პასი ბერანეკს, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან გადაგზავნა კარში შაიბა. შტალენკოვმა მოიგერია. გამოვარდნილი შაიბა ისევ ბერანეკმა იგდო ხელთ. იგი მეკარის პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ შაიბა რიკოშეტით ძელს ხვდება და უკან ვარდება, რომელსაც მერე რუსთა კარის დარაჯი ეუფლება. 48:08წთ. მეტოქის კარებთან ჩაგდების შემდეგ პატერამ მოიგო შაიბა, რომელიც მიუგორდა მარტინ პროხაზკას, იმან კი უკან მიაწოდა მარცხენა ფლანგზე მყოფ სვობოდას, რომელმაც ჯერ კარგად გაისწორა იგი და მერე ძლიერად დაარტყა ლურჯი ხაზიდან კარისკენ. „დისკო" გაფრინდა და შტალენკოვისგან მარცხნივ ბადეში აღმოჩნდა (მარჯვენა „ცხრიანში"). ანგარიში გაიხსნა. ტყუილად არ იწვალა ჰლინკამ ამდენი, რომ სვობოდას მიეღო ჩეხეთის მოქალქეობა. ორჯერ გაძევებულმა ჰოკეისტმა საკუთარი თავის სრული რეაბილიტაცია მოახდინა და გაამართლა მწვრთნელის ნდობა. პატერამ და პროხაზკამ ასისტები ჩაიწერეს.
დარჩენილ დროში რუსებს არაფერი გამოუვიდათ, მეტოქის ზონაშიც კი ვერ დამკვიდრდნენ. ჩეხები ისევ შემართებით თამაშობდნენ და შეტევაზეც თამამად გადადიოდნენ. მატჩის მიწურულს რუსებმა მეკარეც გაიყვანეს ორჯერ მცირე ხნით, რათა ზედმეტი მოთამაშით ეცადათ რამე, მაგრამ უშედეგოდ. ორწუთიანი ჯარიმა: გუსაროვი (41:12წთ.) კარში დარტყმები: 10:5; ჯამში: 21:20 (სულ 3-3-ჯერ დაარტყეს: სტრაკამ, ბერანეკმა და ფიოდორვმა. პაველ ბურემ, რომელმაც 9-ჯერ გაგზავნა შაიბა ნახევარფინალში ფინელთა კარისკენ, ამჯერად მხოლოდ ორჯერ გამოიჩინა თავი და, ფაქტობრივად, მთელი თამაში არაფერი გაუკეთებია). ანგარიში: 1:0. სირენის ხმა გაისმა თუ არა, ჩეხი ჰოკეისტები მივარდნენ უკვე მოზეიმე ჰაშეკს და შუაში მოაქციეს იგი. უმალვე დანარჩენებიც შეუერთდნენ თანაგუნდელებს და ერთად აღნიშნეს ეს უდიდესი გამარჯვება. რევანში შედგა და თანაც როგორი-ოქროსი. დიდი „დერჟავის" მემკვიდრეები დამარცხდნენ. ცხადია, უდიდესი წვლილი ედო ივან ჰლინკასა და მის სამწვრთნელ შტაბს. ამ დიდებულმა ადამიანმა სხვაგვარი ჰოკეი ათამაშა თავის გუნდს, რამაც ნაყოფი გამოიღო და ოლიმპიადის სენსაცია შემოგვთავაზა. სად იყო ცნობილი, დაცვაზე ორიენტირებული და კონტრშეტევებზე მოქმედი ჩეხო-სლოვაკური თამაშის სტილი? აქცენტი იქნა გადატანილი შემტევ ჰოკეიზე და ამან გაამართლა. ცხადია, დაცვაც ჩინებულად ირჯებოდა. ჰლინკას გაწვრთნილი გუნდი (ოღონდ განსხვავებული შემადგენლობით) მომდევნო წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც მოიპოვებს ოქროს მედალს. 2004 წელს სახელოვანი მწვრთნელი ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფაში. „დომინატორმა" ამ ტურნირზე მეორე მშრალი მატჩი (shutout) ჩაატარა. ჯამში მას ფანტასტიკური მაჩვენებლები ჰქონდა: 6 თამაშში 5 მოგება (1-OT SO) იზეიმა, გაუშვა მხოლოდ 6 შაიბა (საშუალო მაჩვენებელი 0,97), ჰქონდა 149 სეივი (პროცენტულად .961) (ყველაზე მეტი მოგერიება აშშ-ის ნაკრებთან-38). ცხადია, დაასახელეს კიდეც ტურნირის საუკეთესო მეკარედ. მართალია, MVP არ გამოუვლენიათ, მაგრამ დიდი ალბათობით მას ერგებოდა ეს ტიტულიც. ვლადიმირ იურზინოვმა აღნიშნა კიდეც, რომ ჰაშეკის ფენომენი არამარტო მის ოსტატურ თამაშში მდგომარეობს, არამედ იმ ფსიქოლოგიურ გავლენაში, რომელსაც ის მეტოქეზე ახდენს.
საოცარი სიხარული და ზეიმი იყო ჩეხეთის რესპუბლიკაში. მთელი მოსახლეობა გამოვიდა გარეთ. დიდი თუ პატარა, ყველა ხარობდა. პრაღის ძველი უბანი „სტარომაკი", სადაც დიდი სატელევიზიო ეკრანი იყო განთავსებული, ვერ იტევდა გულშემატკივრებს. ახდა თაობების ოცნება. ის, რაც ვერ მოახერხა ერთიანმა ჩეხო-სლოვაკურმა სახელმწიფომ, მარტომ შეძლო პაწაწინა ქვეყანამ, თანაც ისე, რომ მრისხანე პროფესიონალებს აჯობა და პირველი ზეტურნირი მოიგო. ალბათ ასეთი დიდი სიხარული, რაც მიანიჭეს ჰოკეისტებმა, არასდროს განუცდია ამ ქვეყანას. საოცარი ტრიუმფი თავისუფლებისმოყვარული და ამაყი ხალხისა. როგორც ერთმა ჩეხმა კომენტატორმა აღნიშნა გამარჯვების შემდეგ, ისტორიული სამართლიანობა აღდგა. დიდხანს მიდიოდნენ ამისკენ ჩეხები, გზა ხშირად იხლართებოდა, მაგრამ ნაგანოში დასრულდა ტრიუმფალურად. ნაკრების მოთამაშეები სამშობლოში ეროვნულ გმირებად შერაცხეს. ჰაშეკს კი საერთოდაც ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატად ასახელებდნენ. იმ ოლიმპიურ თამაშებზე საუკეთესო მცველი გახდა კანადელი რობ ბლეიკი, ფორვარდი - პაველ ბურე, რომელიც უპირველესი გოლეადორი შეიქნა გატანილი 9 შაიბით. საუკეთესო ბომბარდირი "გოლი+პასი" სისტემით ფინელი ტეემუ სელიანე იყო - 10 (4+6) ქულა. ამდენივე ქულა დააგროვა მისმა თანამემამულე საკუ კოივუმ (2+8). გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო შედეგი ჰქონდათ: 5-5 ქულა პაველ პატერას (2+3) (შემდგომ იგი ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდება, ისევე როგორც მარტინ პროხაზკა) და იარომირ იაგრს (1+4).
მინდა ვთქვა, რომ 1997/98 წლების სეზონი ჰაშეკისათვის მართლაც საოცარი გამოდგა. ოლიმპიური ტრიუმფის გარდა, იგი დაასახელეს ჰოკეის ეროვნული ლიგის უძვირფასეს მოთამაშედ. ზედიზედ მეორედ მოიპოვა „ჰარტ მემორიალ ტროფი", რაც დღემდე არც ერთ გოლკიპერს არ მოუხერხებია ლიგის ისტორიაში. ასევე მეორედ მოპოვა „ლესტერ პირსონ ავარდი", მეოთხედ გადასცეს „ვეზინა ტროფი"- საუკეთესო მეკარის პრიზი, მეოთხედ დაასახელეს სეზონის პირველ All Star-ში. „ბაფალო სეიბრზის" ვარსკვლავს იმ სეზონში ჰქონდა კარიერაში საუკეთესო მაჩვენებლები: 72 ჩატარებული მატჩი და 13 „shutout". ასევე ჰქონდა გამორჩეული მოგერიების პროცენტული მაჩვენებელი - .932, რაც მომდევნო სეზონში გააუმჯობესა მცირედით - .937. იარომირ იაგრი მოცემულ სეზონში საუკეთესო ბომბარდირი გახდა 102 (35+67) ქულით და მეორე „არტ როს ტროფი" მოიპოვა. ასევე ჰაშეკთან ერთად პირველ All Star-ში მოხვდა (მესამედ). ბოლოსთვის ვიტყვი, რომ მას შემდეგ ჩეხებმა ვეღარ მიაღწიეს მსგავს წარმატებას (ერთი ბრინჯაო 2006 წელს), მაგრამ ალბათ მოვა ისეთი თაობა, რომელიც კვლავ გაახარებს ამ პატარა ქვეყანას. მათ ხომ დამოუკიდებლობის შემდეგ შვიდჯერ იზეიმეს მსოფლიო ჩემპიონობა (1996, 1999, 2000, 2001, 2005, 2010, 2024 წწ.). ფაქტები თავად მეტყველებს ყველაფერზე.