ბობი ორი - კაცი, რომელმაც შეცვალა ჰოკეი
ჰოკეის ეროვნულ ლიგას (NHL) არაერთი დიდი და სახელოვანი ვარსკვლავი ჰყოლია: ედი შორი, მორის რიშარი, გორდი ჰოუ, ჟაკ პლანტი, ჟან ბელივო, ტერი სავჩუკი, ბობი ჰალი, სტენ მიკიტა, ფრენკ მაჰოვლიჩი, ფილ ესპოზიტო, ჟილბერ პერო, გი ლეფლორი, ლარი რობინსონი, ბობი კლარკი, მარსელ დიონი, დენის პოტვენი, მაიკ ბოსი, ბრაიან ტროტიე, უეინ გრეცკი, მარკ მესიე, იარი კური, რონ ფრენსისი, პოლ კოფი, სტივ აიზერმენი, რეი ბურკი, მარიო ლემიუ, ბრეტ ჰალი, პატრიკ რუა, იარომირ იაგრი, დომინიკ ჰაშეკი, მარტენ ბროდორი, ნიკლას ლიდსტრიომი, სიდნი ქროსბი, ალექსანდრ ოვეჩკინი, კონორ მაკდევიდი და ბევრი სხვა. თუმცა, არის, უდავოდ, გამორჩეული ერთი ადამიანი ზემოთ ჩამოთვლილსა თუ სხვა ტიტანებს შორის. ესაა კანადელი რობერტ გორდონ ორი (Robert Gordon Orr), იგივე ბობი ორი. სამწუხაროდ, მან ვერ ითამაშა იმდენ ხანს, რამდენიც შესაძლებელი იყო. ქრონიკულმა ტრავმამ არ მისცა ამის საშუალება, ისევე როგორც ლეგენდარული „ნიუ-იორკ აილენდერზის“ ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, გოლეადორ მაიკ ბოსის (მაშინ ამ კლუბმა ზედიზედ ხუთჯერ სტენლის თასის ფინალი ითამაშა და აქედან ოთხი მოიგო 1980-83 წლებში). ბობი ორმა - ამ ქარიზმატულმა პიროვნებამ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა სპორტის ამ სახეობაში. ამპლუით მცველმა ფორვარდივით დაიწყო თამაში და შედეგიანობის მხრივ აჯობა იმ დროის სახელგანთქმულ თავდამსხმელებს. მან შეძლო ის, რაც აქამდე არ ძალუძდათ მანამდე გამორჩეულ მცველებსაც კი, თუმც, არც ცდილობდნენ შეტევაში თამაშს. სწორედ მან დაუდო სათავე ახალი ყაიდის მცველების დაბადებას ლიგაში და, ზოგადად, ყინულის (შაიბიან) ჰოკეიში. მისმა სისწრაფემ, შედეგიანობამ და ფლეიმეიკერულმა უნარებმა გადატრიალება მოახდინა სპორტის ამ სახეობაში. იგი დაიბადა კანადაში, ონტარიოს პროვინციის დაბა პერი საუნდში, 1948 წლის 20 მარტს. მისი პაპა რობერტ ორი ჩრდილოეთ ირლანდიიდან გადმოიხვეწა კანადაში XX საუკუნის დასაწყისში. ჰოკეის თამაშით სერიოზულად დაინტერესდა რვა წლის ასაკში. თავიდან ფორვარდის პოზიციაზე ცდიდა ძალებს, შემდეგ კი ამპლუა შეიცვალა და უკანა მხარეს გადაინაცვლა. მისმა საციგურაო და თამაშის კონტროლირების უნარებმა 12 წლის ასაკშივე მიიპყრო NHL-ის სკაუტების ყურადღება. 14 წლისა მიიწვიეს ონტარიოს ჰოკეის ასოციაციაში (OHA JR-ში, რომელიც უმცროსასაკოვან ჰოკეისტთა შორის ერთ-ერთი მთავარი ლიგა იყო კანადაში) - „ოშავა ჯენერალზის“ რიგებში.

14 წლის ბობი ორი
ერთი სეზონი გაატარა „მეტრო ჯუნიორში“, ხოლო შემდეგი სამი 1963-66 წლებში - უშუალოდ OHA-ში. 1966/67 წლების სეზონის წინ ტრადიციული დრაფტის გარეშე შეუერთდა „ბოსტონ ბრუინზს“, სადაც გამოდიოდა 1976 წლამდე. მან საკმაოდ სარფიანი კონტრაქტი დადო კლუბთან და გახდა ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე (კონტრაქტის დეტალები გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ, გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით, მისი ხელფასი წელიწადში 25 ათასიდან 40 ათას დოლარამდე მერყეობდა, რაც იმ დროს კოლოსალური თანხა იყო). ამაში დიდი როლი ითამაშა პროფესიით იურისტმა ალან იგლსონმა, რომელიც პროფესიონალურ ჰოკეიში მოთამაშეთათვის აგენტების მომსახურების დამკვიდრების ინიციატორი იყო. ეს ოდიოზური პერსონა საკმაოდ გავლენიანი ფიგურა იყო სპორტის სამყაროში. იგი 1967-91 წლებში ლიგის მოთამაშეთა ასოციაციის (NHLPA) აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ სწორედ მისი მონაწილეობით მოხერხდა 1972 წლის სუპერსერიის ჩატარება კანადისა და საბჭოთა ჰოკეის ვარსკვლავებს შორის.

ალან იგლსონი
ალანი, სპორტის ამ სახეობისთვის ესოდენ ცნობილი პიროვნება, ფაქტობრივად, ბობის ოჯახის წევრი გახდა. ჰოკეისტი ბრმად ენდობოდა მას და იგი განაგებდა ყველა მის საქმესა და ფინანსებს. როგორც გაირკვა, სინამდვილეში იგლსონი ძალზე გაქნილი და ფულის მოყვარული თაღლითი აღმოჩნდა. საბოლოოდ, მან ჰოკეისტი გაკოტრებამდე მიიყვანა. XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) გამოავლინა მის მიერ წარმოებული არაერთი ფინანსური მაქინაცია. იგლსონს რამდენიმე თვით ციხეში ყოფნაც მოუწია. მას იმდენად შეელახა რეპუტაცია, რომ სახელგანთქმულ ჰოკეისტთა დაჟინებული მოთხოვნით, მათ შორის, იყო ბობი ორიც, „ჰოკეის დიდების დარბაზის“ წევრობიდანაც გარიცხეს.
რითი იყო გამორჩეული ბობი ორი? აღნაგობით საკმაოდ ათლეტური (სიმაღლე - 183 სმ, წონა - 89-90 კგ.) ონტარიოელი ერთნაირი ოსტატობით თამაშობდა დაცვასა და თავდასხმაში. იგი ძველი თაობის მცველებივით უკან კი არ რჩებოდა, არამედ დაჰქროდა უსწრაფესად ერთი კარიდან მეორემდე. შემტევი თამაშის გამო ბობი ორი მოედანზე სულ იქ იყო, სადაც შაიბა დაქროდა. ეს კი მას არა მარტო გოლის გატანის, არამედ თავდაცვის ეფექტურ საშუალებასაც აძლევდა, როცა ამის საჭიროება დგებოდა. მისი თანაგუნდელის - ფილ ესპოზიტოს თქმით, რაც არ უნდა სწრაფი ყოფილიყო მეტოქე, მას შეეძლო, სათამაშო სიტუაციიდან გამომდინარე, უფრო სწრაფად ესრიალა. ის რეალურად ყოველთვის ასწრებდა თავდასხმიდან დაცვაში ჩამოსვლას, თუ მოწინააღმდეგე უტევდა. იგი მეტად სასარგებლო იყო მაშინაც, როცა მეტოქე უმცირესობაში იმყოფებოდა.
მის გამოჩენამდე მხოლოდ თითო-ოროლა მცველი თამაშობდა შედეგიანად. ყველაზე გამორჩეული იყო ლეგენდარული რედ კელი, რომელიც „დეტროიტ რედ უინგზში“ (1947-60 წლები) მცველად თამაშობდა, ხოლო „ტორონტო მეიპლ ლივზში“ (1960-67 წლები) - ცენტრალურ თავდამსხმელად. მან ჯამში რვა სტენლის თასი მოიპოვა. იმხანად ევროპაში მსგავსი შედეგიანობით გამოირჩეოდა ჩეხი იან სუხი, რომელიც ერთხელ ქვეყნის პირველობის ბომბარდირიც კი გახდა (34 თამაშში - 56 ქულა (30+26 (1968/69 წლები).
ლეონარდ პატრიკ (რედ) კელი
დიდ ჰოკეიში ბობის მოსვლა დაემთხვა იმ პერიოდს, როცა ექვსგუნდიან ლიგაში (Original Six) მოთამაშე გუნდთა რაოდენობა გაიზარდა: ჯერ გაორმაგდა, მერე ნელ-ნელა კიდევ გაიზარდა და იქცა ნამდვილ ზეტურნირად. „ბოსტონი“ 1959 წლის მერე ვერ ხვდებოდა პლეიოფში. ბობი ორთან ერთად კი ჰოკეისტთა ისეთი თაობა მოვიდა, რომელმაც უძლიერეს გუნდად აქცია „მურა დათვები“. თავად განსაჯეთ: მეკარე ჯერი ჩივერსი, მცველები: ტედ გრინი და დალას სმითი, ლეგენდარულ თავდამსხმელთა ტრიო ე.წ. „Espo Line”: უეინ ქეშმენი, ფილ ესპოზიტო და კენ ჰოჯი, ასევე ჯონი ბუსიკი (გუნდის კაპიტანი 1966-67, 1973-77 წლებში), დერეკ სანდერსონი, ჯონ მაკკენზი.
რობერტს თავიდან უბოძეს 27-ნომრიანი მაისური, მაგრამ უნდოდა ორნომრიანი, რადგან ის ეცვა იუნიორებში თამაშის დროს, თუმცა, ეს ნომერი ამოიღეს ხმარებიდან ლეგენდარული ედი შორის პატივსაცემად. მაშინ მან არჩია ოთხი ნომერი. სწორედ ეს ოთხნომრიანი მაისური ეცვა კარიერის ბოლომდე. პირველი მატჩი ბობიმ ჩაატარა 1966 წლის 19 ოქტომბერს (მიითვალა ერთი ასისტი), ხოლო სამი დღის შემდეგ პირველი გოლიც გაიტანა „მონრეალის“ კარში. ორის მეწყვილეები დაცვის ხაზში უმთავრესად იყვნენ: დონ ოური და დალას სმითი. უფრო მეტ ხანს დონ ოური (1967-73 წლები) რომელიც, ორისგან განსხვავებით, ნაკლებშედეგიანი იყო, მეტად ხისტი და აგრესიული მცველი, თუმცა, ძალიან კარგად ბლოკავდა მეტოქის დარტყმებს. ისე არც ბობი ამბობდა უარს ხელჩართულ ბრძოლებზე და მუშტი-კრივსაც მართავდა ხოლმე, ზოგჯერ უადგილოდაც. თანაც მაშინ ჰოკეისტები მაინცდამაინც არ სწყალობდნენ დამცავ ჩაფხუტებს (მისი ტარება სავალდებულო გახდა 1979 წლის აგვისტოდან).

ბობი ორი ჟურნალ "სპორთს ილუსთრეითედის" გარეკანზე
იგი თავიდანვე იქცა გუნდის ლიდერად და მისი თამაშის წარმმართველად, თუმცა, კაპიტნის სამკლაური არასდროს ჰკეთებია (1967-73 წლებში გუნდს საერთოდ არ ჰყავდა ერთპიროვნული შკიპერი). 1966-70 წლებში კლუბის მთავარი მწვრთნელი იყო ჰარი სინდენი, კაცი, რომელიც სათავეში ედგა 1972 წელს კანადის ნაკრებს Summit Series დროს. სწორედ მისი მწვრთნელობის დროს მოიგო გუნდმა სტენლის თასი 1970 წელს. 1972-ში უკვე ტომ ჯონსონი ხელმძღვანელობდა „ბოსტონს“. ორივე ტრიუმფალურ ფინალურ სერიაში ბობმა გაიტანა გადამწყვეტი შაიბები: 1970 წლის 10 მაისს „სენტ-ლუის ბლუზთან“ მეოთხე თამაშში, 3:3-ის შემდეგ ოვერტაიმში გადავიდა შერკინება. სულ 40 წამი იყო გასული, როცა 4 ნომრით მოთამაშე ბობი ორმა მეტოქის კარი დალაშქრა. გოლის გატანის მომენტში მან საოცარი ნახტომი გააკეთა, რაც ეპოქალურ მოვლენად იქნა აღიარებული კანადის ჰოკეის ისტორიაში.
ბობი ორის მფრინავი გოლი
მისი ეს შედევრი ცნობილი გახლავთ როგორც “Bobby Orr flying goal” (2010 წელს ბოსტონის TD Garden-ის წინ აღმართეს ბრინჯაოს ქანდაკება, სადაც ეს მომენტია გამოსახული). 1972 წელს „ნიუ-იორკ რეინჯერზთან“ მეექვსე მატჩში (3:0) პირველი შაიბა შეაგდო და მეორე გოლის გატანაშიც მიიღო მონაწილეობა. სხვათა შორის, იმ თამაშში იგი 10 წუთით გააძევეს არბიტრთან კამათის გამო. გარდა ამისა, გუნდი რეგულარული სეზონის გამარჯვებული გახდა სამჯერ: 1971,1972,1974 წლებში. მართლაც რომ ზეობის ხანა ედგათ ბოსტონელებს. გადაჭარბებული არ იქნება ითქვას, რომ ორმა ძველი დიდება დაუბრუნა ქალაქს. 1974 წელს ისინი კიდევ გავიდნენ თასის ფინალში, მაგრამ დამარცხდნენ „ფილადელფია ფლაიერზთან“ ექვსმატჩიან დუელში.
შემდეგ ბობი „ჩიკაგო ბლექ ჰოქზში“ ოფიციალურად გადავიდა 1976 წლის 8 ივლისს (მისი გადასვლა ამ გუნდში საკმაოდ სკანდალური და ხმაურიანი გამოდგა. სწორედ იგლსონის წყალობით აღმოჩნდა იგი ჩიკაგოში, არადა, „ბრუინზი“ აპირებდა მის დატოვებას გარკვეული პირობებით), სადაც ერთი სრულფასოვანი სეზონიც კი ვერ ჩაატარა. თუმცა, პრობლემები მანამდეც ჰქონდა, 1975/76 წლების სეზონში მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა „ბოსტონელთა“ რიგებში. 1976/77-ში ახალ გუნდში 20 თამაში იკმარა, 1977/78 წლების სეზონი საერთოდ გამოტოვა, ხოლო-1978/79 წლების დასაწყისში მხოლოდ 6-ჯერ ითამაშა და ამით დაასრულა კარიერა. ყველაფერი ამის მიზეზი კი გახლდათ მოურჩენელი ტრავმები, განსაკუთრებით, მარცხენა მუხლის, რომელზეც 13 თუ 14 ქირურგიული ჩარევა დაჭირდა სხვადასხვა დროს. მისი სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ძირითადი დატვირთვა მარცხენა მუხლზე მოდიოდა. იგი მარჯვენა ფლანგზე გამოდიოდა და მარცხენა მხრიდან ტყორცნიდა შაიბას (left-handed shot) (ყვანჭი სხეულის მარცხენა მხარეს ჰქონდა მომარჯვებული). როცა ის ამ ფლანგზე გაიჭრებოდა წინ მეტოქის მოსატყუებლად იყენებდა ძალასა და სისწრაფეს. შაიბის „დასაფარად“ მარცხენა მუხლს გამოწევდა წინ და მარცხენა ხელს ზევით აღმართავდა, რათა ვიზავისგან თავი დაეღწია. ასეთ სიტუაციაში მეტოქის მხრიდან უფრო ხშირად ამ მუხლზე მოდიოდა დარტყმა-დაჯახება. ამის გარდა, იგი ხშირად ეჯახებოდა მეკარეს, კარებს, ბორტს. ასეთი თამაშის სტილი ჰქონდა, რამაც მისი კარიერა საკმაოდ შეამოკლა. ექიმები ჯერ კიდევ 1975 წლის შემოდგომაზე ურჩევდნენ, რომ აღარ გამოსულიყო ყინულზე, მაგრამ მან მაინც გააგრძელა ასპარეზობა. ის ძველი ბობი ორის აჩრდილიღა იყო. 1978 წლის 1 ნოემბერს ითამაშა ბოლო მატჩი. იგი 30 წლის იყო იმ დროს. ნაადრევად დასრულდა მისი როგორც მოთამაშის კარიერა (სულ 12 არასრული სეზონი), მაგრამ მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა არ გამქრალა და დღესაც განაგრძობს არსებობას. აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ იგი ჯერ ჩიკაგოელთა მწვრთნელის ასისტენტი იყო, მერე - „ჰართფორდ უეილერზის“ კლუბის კონსულტანტი. შემდგომ კი ბიზნესში გადაერთო (1980 წელს გაწყვიტა ყოველგვარი ურთიერთობა იგლსონთან). პარტნიორებთან ერთად დააარსა სარეკლამო კომპანია, შეიძინა ასევე სხვა კომპანია, რომელიც დაკავებული იყო სპორტული მენეჯმენტით. მიიღო პროფესიონალი აგენტის ლიცენზია. 2002 წელს ჩამოაყალიბა სპორტული სააგენტო „Orr Hockey Group“, რომელიც წარმოადგენდა პროფესიონალი ჰოკეისტების ინტერესებს. ასევე ერთი პერიოდი ითავსებდა მწვრთნელობას კანადის ჰოკეის ლიგაში (CHL), სადაც ახალგაზრდა ვარსკვლავებთან უწევდა მუშაობა. მოკლედ, ძალიან დაკავებული და საქმოსანი კაცი გახდა. იგი ცნობილი იყო თავისი ქველმოქმედებითა და უანგარო დახმარებით. არ მიუტოვებია არც ყოფილი თანაგუნდელები გაჭირვების ჟამს. ჰუმანიტარული მოღვაწეობისთვის მიღებული აქვს მრავალი ჯილდო თუ სიგელი.
ბოსტონის ლეგენდა სიბერის ჟამსაც არ წყვეტს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას.2010 წელს ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე დასდეს პატივი ეტარებინა ოლიმპიური დროშა. დაჯილდოებულია კანადის ორდენით, რომელიც სახელმწიფოში მნიშვნელობით მეორე ჯილდოა. ბობი ორის შემდეგ ლიგაში გამოჩნდნენ მცველები, რომლებიც ხშირად გადადიოდნენ შეტევაზე და გოლები გაჰქონდათ, ჯერ დენის პოტვენმა გააგრძელა ტრადიცია (პირველი, ვინც კარიერის განმავლობაში 300 შაიბა გაიტანა და 1000 ქულა მოაგროვა). მას მოჰყვა: პოლ კოფი, რეი ბურკი (400 გოლის პირველი გამტანი), ლარი მერფი, ელ მაკინისი, ფილ ჰაუსლი, ბრაიან ლიჩი, ნიკლას ლიდსტრიომი და ასე შემდეგ. თუ რამდენად დიადი(GOAT) ჰოკეისტი გახლდათ იგი, თავად განსაჯეთ, როცა ქვემოთ იხილავთ მის მიერ მოპოვებული პრიზების, ჯილდოების, აღიარებათა გრძელ ჩამონათვალსა და სტატისტიკურ მონაცემებს:
2 სტენლის თასი: 1970, 1972 წლები (ფინალისტი: 1974 წელი);
3 ჰარტ მემორიალ ტროფი (სეზონის საუკეთესო მოთამაშე (MVP): 1970, 1971, 1972 წლები;
2 კონ სმაიტ ტროფი (პლეი-ოფის სერიის უძვირფასესი მოთამაშე (MVP): 1970, 1972 წლები;
1 ლესტერ ბ. პირსონ ავარდი (სეზონის საუკეთესო მოთამაშე NHLPA-ს ვერსიით): 1975 წელი;
2 არტ როს ტროფი (სეზონის საუკეთესო მექულე): 1970, 1975 წლები (დღემდე ერთადერთი მცველი, ვისაც ეს პრიზი მოუპოვებია);
8 ჯეიმს ნორის მემორიალ ტროფი (სეზონის საუკეთესო მცველი): 1968, 1969, 1970, 1971, 1972, 1973, 1974, 1975 წლები (ლიგის რეკორდი);
კოლდერ მემორიალ ტროფი (სეზონის საუკეთესო ახალბედა): 1967 წელი (ისტორიაში ყველაზე უმცროსი მათ შორის, ვისაც ეს პრიზი რგებია);
6-ჯერ სეზონის ყველაზე ნაყოფიერი მოთამაშე (+/-): 1969 წელი (ზიარი), 1970, 1971, 1972, 1974, 1975 წლებში (იმ დროს პრიზი არ გადაეცემოდათ);
5-გზის სეზონის საუკეთესო მეპასე (ასისტენტი): 1970, 1971, 1972, 1974, 1975 წლები (ზიარი);
8-გზის პირველი ALL STAR-ის წევრი (სეზონის სიმბოლური ნაკრები გუნდი): 1968, 1969, 1970, 1971, 1972, 1973, 1974, 1975 წლები. ერთხელ მეორე ALL STAR-ში: 1967 წელი;
ლაიონელ კონახერის ჰუმანიტარული პრიზი (კარიერის განმავლობაში საქველმოქმედო მოღვაწეობისთვის): 1971წელი;
ლესტერ პატრიკ ტროფი (აშშ-ში ჰოკეის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის): 1979 წელი;
7-ჯერ გამოვიდა ALL STAR GAME-ში: 1968, 1969, 1970, 1971, 1972, 1973, 1975 წლები. MVP: 1972 წელი. ჯამში დააგროვა 3 ქულა (1+2);
ჯ.როს რობერტსონის თასი (OHA-ს პლეი-ოფის სერიის გამარჯვებული): 1966 წელი;
3-ჯერ შეიყვანეს OHA-ს პირველ ALL STAR-ში: 1964, 1965, 1966 წლები;
ლუ მარშ ტროფი (კანადის წლის საუკეთესო სპორტსმენი): 1970 წელი;
Sports Illustrated-ის მიერ დასახელდა წლის საუკეთესო სპორტსმენად: 1970 წელი;
Bleacher Report-მა აღიარა ქალაქ ბოსტონის ყველა დროის საუკეთესო ათლეტად: 2010 წელი;
ტორონტოს „ჰოკეის დიდების დარბაზის“ წევრი: 1979 წელი (ყველაზე ახალგაზრდა წევრი ისტორიაში (31 წლის) და თან სავალდებულო სამწლიანი პერიოდის გასვლის გარეშე);
The Hockey News-ის მიერ 1998 წელს დასახელდა NHL-ის ყველა დროის მეორე ჰოკეისტად (გრეცკის შემდეგ), ხოლო 2010 წელს-ნომერ პირველ მცველად (დასახელდა მხოლოდ საუკეთესოები ამპლუის მიხედვით);
2017 წელს თავად ლიგამ დაასახელა ყველა დროის 100 ჰოკეისტთა შორის;
2023 წელს The Athletic-მა მესამე ადგილზე დააყენა ყველა დროის მოთამაშეთა შორის;
2024 წელს შეიყვანეს „ბოსტონ ბრუინზის“ ასწლეულის სიმბოლურ გუნდში;
მისი #4 მაისური ამოიღეს ხმარებიდან „ბოსტონში“ 1979 წლის 9 იანვარს;
მისი #2 მაისურა „ოშავა ჯენერალზმა“ ამოიღო 2008 წლის 27 ნოემბერს;
მისი სახელობის პრიზი ყოველწლიურად გადაეცემა OHL-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონ გუნდს.
სტატისტიკური მაჩვენებლები და მიღწევები. კარიერული. OHA JR.: რეგულარული სეზონი: 159 თამაში, 101 შაიბა, 158 საგოლე პასი, ჯამში - 259 ქულა; პლეი-ოფი: 29 მატჩი, 9 გოლი, 32 პასი, 41 ქულა; მემორიალურ თასზე (1966 წელი) -12 შეხვედრა, 12 შაიბა, 24 პასი, 36 ქულა.
NHL: რეგ.სეზონი: 657 თამაში, 270 შაიბა, 645 პასი, 915 ქულა, +/- მაჩვენებელი: +582 (მეორე ადგილი ისტორიაში), 953 საჯარიმო წუთი. შეასრულა 9 საგოლე ჰეთ-თრიქი. კარიერაში საშუალოდ მატჩში აგროვებდა 1,39 ქულას რაც მეოთხე მაჩვენებელია ისტორიაში: გრეცკის (1,92), ლემიუსა (1,88) და ბოსის (1,5) შემდეგ; პლეი-ოფი: 74 მატჩი, 26 გოლი, 66 პასი, 92 ქულა, +/-: +60, 107 საჯ.წუთი. მის ანგარიშზე ერთი საგოლე ჰეთ-თრიქია. სტენლის თასის ფინალებში მისი ჯამური მონაგარი არის 20(8+12) ქულა.
იგი დღემდე არის ბოსტონელთა ყველა დროის მექულეთა შორის მე-7 ადგილზე: 888 (264+624) - 631 მატჩში რეგულარული სეზონების მიხედვით, ხოლო მერვე - პლეი-ოფებში - 92 (26+66) 74 მატჩში. შედარებისთვის: ლეგენდარულმა „მონრეალ კანადიენზის“ მცველმა დაგ ჰარვიმ, რომელმაც შვიდჯერ მოიგო „ნორის ტროფი“ და ექვსჯერ სტენლის თასი, კარიერის განმავლობაში რეგულარულ სეზონში დააგროვა 540 ქულა (88+452) 1113 მატჩში, ხოლო პლეი-ოფებში - 72 (8+64) 137 მატჩში (1947-64, 1968-69 წლები).
სეზონური მაჩვენებლები. NHL: რეგულარული სეზონი:
ერთადერთი მცველი ისტორიაში, ვინაც 6-ჯერ მოაგროვა 100 ქულა და მეტი და ხუთჯერ გაიტანა 30 და მეტი შაიბა (პირველი, ვინც 30 და 40 გოლი გაიტანა სეზონებში). საუკეთესო სეზონი ჰქონდა 1970/71-ში, როცა 139 (37+102) ქულა დააგროვა, რაც დღემდე სარეკორდოა (პოლ კოფის ჰქონდა 138 (48+90 (1985/86 წლები)). მან ერთ სეზონში გაიტანა 46 გოლი (1974/75 წლები). მასზე მეტი მხოლოდ კოფის ანგარიშზეა - 48. დღემდე ერთადერთია ბობი ისტორიაში მისი ამპლუის მოთამაშეთა შორის, ვინაც 100 ან მეტი საგოლე გადაცემა გააკეთა. იგი შვიდჯერ იყო საუკეთესო მექულე მცველებში. მას აქვს ასევე საუკეთესო +/- მაჩვენებელი ლიგის ისტორიაში +124 (1970/71 წლები), რაც ალბათ ძალზე რთული წარმოსადგენია, რომ ოდესმე გაუმჯობესდეს. ორჯერ ჰქონდა სეზონში ყველაზე მეტი კარში დარტყმა: 1970 (413), 1975 (384) წლებში.
1970 წელს მოიპოვა: ჰარტ ტროფი, კონ სმაიტ ტროფი, არტ როს ტროფი, ნორის ტროფი. ასევე იყო ყველაზე ნაყოფიერი მოთამაშე და შეიყვანეს 1-ელ სიმბოლურ ექვსეულში. მსგავსი მიღწევა არავის ჰქონია ლიგის არსებობის განმავლობაში.
პლეი-ოფი: 1972 წელს 24 (5+19) ქულა მიითვალა, რაც მისი საუკეთესო შედეგია. ამასთან იყო პირველი მექულე იმ სერიაში ფილ ესპოზიტოსთან ერთად. 1970 წელს მეტოქეებს 9 შაიბა გაუტანა. იმ წელს ჰქონდა საუკეთესო ნაყოფიერების კოეფიციენტი ლიგის მოთამაშეთა შორის +24. მასზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ გრეცკის აქვს +27 (1985 წელი).
1972 (19), 1974 (14) წლების სერიის საუკეთესო ასისტენტი გახლდათ. სამჯერ იპირველა სერიებში მცველთა შორის ქულების მიხედვით.
სამატჩო მაჩვენებლები. NHL: რეგულარული სეზონი:
1973 წელს ერთ თამაშში 7 (3+4) ქულა დააგროვა, ასევე იმავე წელს გააკეთა 6 ასისტი, რითაც იყოფს რეკორდს მცველთა შორის ხუთ მოთამაშესთან ერთად. პლეი-ოფი: 1971 წელს 4 ქულა (1+3) მიითვალა, რაც საუკეთესოა მისთვის.
საინტერესო მონაცემები. www.dropyourgloves.com-ის მიხედვით, ორს ყინულზე 52 ორთაბრძოლა გაუმართავს კარიერის განმავლობაში. მის ანგარიშზე არის გორდი ჰოუს სახელობის 8 ჰეთ-თრიქი (გოლი+პასი+ჩხუბი).
www.puckprose.com-ის პროექტის მიხედვით (2019 წელი), ბობი ორს რომ სრულად ეთამაშა 15 სეზონი მაინც, მისი მაჩვენებლები 1248 მატჩში იქნებოდა: 467 გოლი, 1117 პასი და 1584 ქულა, რაც რეი ბურკის საკარიერო შედეგზე მეტი გამოდიოდა. ბურკმა 22 სეზონის 1612 თამაშში მოაგროვა 1579 ქულა (410+1169).
სანაკრებო მიღწევები. 1972 წელს უნდა მიეღო მონაწილეობა კანადისა და სსრ კავშირის სამატჩო სუპერსერიაში (Summit Series). იგი გუნდთან ერთად იყო, მაგრამ ყინულზე ვერ გამოვიდა ტრავმის გამო.
1976 წელს იასპარეზა პირველად გამართულ კანადის თასზე, სადაც მართლაც, მიუხედავად ტკივილებისა მუხლის მიდამოში, გამორჩეული იყო. შვიდ თამაშში დააგროვა 9 ქულა (2+7), რითაც გაიყო საუკეთესო ბომბარდირობა საბჭოელ ვიქტორ ჟლუტკოვსა (5+4) და თანაგუნდელ დენის პოტვენთან (1+8). პირველ ფინალში ჩეხეთსლოვაკეთთან 3 (2+1) ქულა მოუტანა კანადის ნაკრებს. მეორე თამაშში თავი არ გამოუჩენია. გუნდთან ერთად მოიგო თასი, გახდა უძვირფასესი მოთამაშე (MVP) და შეიყვანეს სიმბოლურ ნაკრებში. ეს იყო მისი ერთადერთი ტურნირი სანაკრებო დონეზე.და ბოლოს ვიტყვი იმას რომ, არსებობდეს კანადურ-ამერიკული ჰოკეის „რაშმორის მთის მემორიალი“, ბობი ორს მივუჩენდი ადგილს: გორდი ჰოუს, უეინ გრეცკისა და მარიო ლემიუს გვერდით.