ჰოკეის
ფედერაცია

უნივერსალი რედ კელი

უნივერსალი რედ კელი

ლეონარდ პატრიკ რედ კელი. დაბადების თარიღი-09.07.1927წ.; დაბადების ადგილი-სიმკოუ (ონტარიო, კანადა). სიმაღლე-183სმ; წონა-82-88კგ. ამპლუა-მცველი/ცენტრფორვარდი. სათამაშო სტილი/ მცველის პოზიციაზე-მან ბობი ორის გამოჩენამდე გადატრიალება მოახდინა ლურჯი ხაზის საზღვრებში თამაშის წარმართვაში. იგი ხშირად ერთვებოდა შეტევებში და უძღვებოდა სწრაფ კონტრშეტევებს. ლეგენდარული გახლდათ მოვლენების განვითარების მისეული წაკითხვის, მეტოქეთა თავდასხმების შეჩერებისა და საკუთარ ზონაში შაიბის სუფთად კონტროლის უნარი. იგი მეტად კორექტული და ჯენტლმენი მოთამაშე იყო: მიუხედავად იმისა, რომ ყინულზე დიდ დროს ატარებდა, იშვიათად ღებულობდა საჯარიმო წუთებს, ახორციელებდა ყვანჭით ზუსტ დარტყმებს და არ იყენებდა მეტოქეზე ფიზიკურ ზემოქმედებას. ფორვარდის პოზიციაზე: გადავიდა თუ არა ტორონტოში, იგი გადაკვალიფიცირდა მრისხანე, დაცვაზე პასუხისმგებელ ცენტრალურ თავდამსხმელად, რომელიც ანეიტრალებდა მოწინააღმდეგის საუკეთესო ცენტრებს. პარალელურად გაზარდა მისი გუნდის განაპირა ფორვარდების შედეგიანობა. ასევე საუკეთესოდ წარმოაჩინა პლეიმეიკერული თვისებები:  მისი ზუსტი, დახვეწილი პასების შედეგად „ნეკერჩხლის ფოთლები" იქცა საუკეთესო გუნდად ლიგაში. სახელი Red (წითელი) მიიღო ჟღალი (წითური) თმის გამო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ყმაწვილი გახლდათ. ეს ნიკი გაჰყვა კარიერის ბოლომდე. გამოდიოდა შემდეგ კლუბებში: NHL: დეტროიტ რედ უინგზში (1947-60), ტორონტო მეიპლ ლივზში (1960-67). 1944-47 წლებში იასპარეზა OHA-jr.-ში; ტორონტოს  St. Michael’s College Majors -ში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თავიდან მას NHL-ში - ტორონტოს რიგებში სურდა თამაში, მაგრამ კლუბის სკაუტმა დაიწუნა, 20 თამაშზე მეტს ვერ გაქაჩავსო. ამის შემდეგ მოაწერა ხელი კონტრაქტს დეტროიტელებთან. მთელი 13 წელი გაჰყვა ეს წყენა ჰოკეისტს და მხოლოდ კლუბის გენერალური მენეჯერისა და მწვრთნელის - პანჩ იმლაკის დიდი ძალისმევის შემდეგ დათანხმდა „ნეკერჩხლის ფოთლებში“ თამაშს. მის გადასვლას წინ უძღოდა არაერთი ამბავი. 1959 წლის დასაწყისში რედმა ვარჯიშის დროს მოიტეხა მარცხენა კოჭის ძვალი და თაბაშირის დადება მოუწია. კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ჯეკ ადამსმა არ გაამჟღავნა ეს ამბავი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ უბრალოდ ტერფი ჰქონდა დაჟეჟილი. ჰოკეისტი თვალს მოაფარეს, რათა პრესას არაფერი ეყნოსა. რამდენიმე დღეში მან მოიხსნა თაბაშირი და მუხლებამდე მჭიდრო სახვევით გამოვიდა ყინულზე სათამაშოდ. მთელი დარჩენილი სეზონი იგი მოტეხილი კოჭით ასპარეზობდა. ცხადია, რომ ასეთ მდგომარეობაში ვერ აჩვენებდა საუკეთესო თამაშს. "დეტროიტის" გუნდი 21 წლის განმავლობაში პირველად ვერ მოხვდა პლეი-ოფში და კლუბის ხელმძღვანელობამ მცველს დააბრალა წარუმატებლობა. სიმართლე გამჟღავნდა მომდევნო სეზონის მსვლელობის დროს, როცა გამოჯანმრთელებულმა და ფორმადაბრუნებულმა ჰოკეისტმა სასტუმროს ნომერში ყველაფერი მოუყვა ერთ-ერთ რეპორტიორს. ადამსი გადაირია, როცა კელის ტრავმის ისტორია პრესაში გავრცელდა და ფართო საზოგადოებამ შეიტყო სიმართლე. 1960 წლის იანვარში მენეჯერმა გადაწყვიტა მისი გაცვლა  ნიუ-იორკ რეინჯერზში. განაწყენებულმა კელიმ არ ისურვა ნიუ-იორკში გადაბარგება და დააპირა ჰოკეისთვის თავის დანებება. სწორედ აქ იმარჯვეს ტორონტოელებმა. იმლაკის ასისტენტმა კინგ კლენსიმ დაარწმუნა იგი, რომ გაეგრძელებინა კარიერა მათს გუნდში. იმავე წლის 10 თებერვალს  გაცვლის შედეგად  რედი აღმოჩნდა იქ, სადაც თავიდანვე უნდა ყოფილიყო.

საკლუბო მიღწევები. სტენლის თასის რვაგზის მფლობელი: 1950,1952,1954,1955,1962,1963,1964,1967წწ.; ოთხგზის ფინალისტი: 1948,1949,1956,1960წწ. იგი ყველაზე მეტი ბრილიანტის ბეჭდის მფლობელია ისტორიაში, ვისაც არ უთამაშია მონრეალ კანადიენზის რიგებში. ასევე ორთაგან ერთ-ერთი, რომელიც NHL-ის მიერ მისი არსებობის მანძილზე აღიარებული ორი დინასტიის (ცხრიდან) წევრი იყო და არ გამოსულა მონრეალში. იგი რედ უინგზში მცველის პოზიციაზე თამაშობდა, ხოლო ტორონტოში ცენტრის ამპლუა მოირგო. ამიტომაც მისი მაჩვენებლები შედარებით განსხვავებულია ამ ორ გუნდში (1950 წელს გარკვეული პერიოდი ითამაშა თავდამსხმელად) მას მართლაც გაუმართლა, რადგან უდიდეს ჰოკეისტებთან მოუწია თამაში. თავად განსაჯეთ, დეტროიტში მის გვერდით გამოდიოდნენ: გორდი ჰოუ, ტედ ლინდსი, ალექს დელვეკიო, სიდ აბელი, მარტი პაველიჩი, ტერი სავჩუკი, მარსელ პრონოვოსტი (ამ ორმა უკანასკნელმა ტორონტოშიც მოასწრო თამაში კელისთან ერთად); ნეკერჩხლებში:  ჯონი ბოუერი, ტიმ ჰორტონი, კარლ ბრიუერი, დიკი დაფი, ფრენკ მაჰოვლიჩი, დეივ კიონი, ჯორჯ არმსტრონგი, ბობ პულფორდი. თუმცა პირიქითაც, მას უნდა უმადლოდეს მაჰოვლიჩი იმას, რომ იგი ძლიერ პროდუქტიული გახდა და გუნდისთვის დიდი სარგებლობა მოჰქონდა (კელის გადმოსვლამდე სეზონში საუკეთესო შედეგი ჰქონდა - 22 გატანილი შაიბა, ხოლო შემდეგ ოთხჯერ შეაგდო 30 და მეტი გოლი, მათ შორის, ყველაზე მეტი იყო 48). ფრენკი გამოდიოდა მარცხენა ფრთაზე, ხოლო მარჯვენაზე იყო ბობ ნევინი. ამასთან, რედმა გაამართლა იმლაკის მოლოდინი, რომ იგი გაუმკლავდებოდა ლიგის საუკეთესო ფორვარდებს, განსაკუთრებით, მონრეალის ლეგენდარულ ცენტრს- ჟან ბელივოს. 1967 წლის სტენლის თასის ფინალურ სერიაში, რომელიც მოიგო მეიპლ ლივზმა საერთო ანგარიშით 4:2, მონრეალელს სამ თამაშში შედეგიანი მოქმედება  არ ჰქონია (შედარებისთვის: 1960-67 წლებში პლეი-ოფებში ტორონტო - მონრეალის დაპირისპირების დროს მათი მონაგარი ასეთია: კელი-32 მატჩი, 23 ქულა (5+18), 12 საჯარიმო წუთი; ბელივო-30 თამაში, 26 ქულა(17+9), 56 საჯარიმო წუთი). "წითელი ფრთების" დაცვის ხაზში გამოსვლის დროს მისი უმთავრესი მეწყვილენი იყვნენ: ბილ ქუოკენბუში და ბობ გოლდჰემი. 1956-58 წლებში იყო გუნდის კაპიტანი. Memorial Cup-ის გამარჯვებული: 1947წ.

საკლუბო სტატისტიკა. კარიერული. NHL: რეგულარული სეზონი: 1316 თამაში, 281 გოლი, 542 საგოლე პასი, 823 ქულა, 327 საჯარიმო წუთი; პლეი-ოფი: 164 მატჩი, 33 შაიბა, 59 ასისტი, 92 ქულა, 51 საჯარიმო წუთი. ფინალურ სერიებში ჯამურად მოაგროვა 31 ქულა (11+20) 65 პაექრობაში. თამაშების რაოდენობით არის რეკორდსმენი ანრი რიშართან ერთად. მის ანგარიშზე არის ოთხი ჰეთ-თრიქი (ყველა რეგულარულში). +/- მაჩვენებელი ძალზე არასრულია და ამიტომ არ იქნა მოყვანილი. OHA-jr.: რეგულარული სეზონი: 57 მატჩი, 57 ქულა(22+35); პლეი-ოფი: 11 პაექრობა, 1 ქულა(1+0); Memorial Cup: 9 თამაში, 10 ქულა(5+5).

სეზონური. საუკეთესო მაჩვენებლები. NHL: რეგულარული სეზონი: 70 ქულა(20+50) 64 მატჩში(1960/61), 22 შაიბა(1961/62), 50 პასი(1960/61). მცველად თამაშის დროს-54 ქულა(17+37) 70 პაექრობაში(1950/51), 19 შაიბა(1952/53), 37 პასი(1950/51); პლეი-ოფი: 13 ქულა(4+9) 14 თამაშში (1964), 5 გოლი(1954), 9 პასი(1964).

სამატჩო. საუკეთესო მაჩვენებლები. NHL: რეგულარული სეზონი: 5 ქულა: 1953 წელს - ჩიკაგოსთან (2+3), 1961 და 1963 წლებში - ბოსტონთან (1+4); სამი შაიბა (1954,1961,1963,1965); ოთხი ასისტი (1952,1961,1962,1963).

პრიზები/ჯილდოები/აღიარება. ჯეიმს ნორის მემორიალ ტროფის (სეზონის საუკეთესო მცველი) ლაურეატი: 1954 წ.; ლედი ბინგ მემორიალ ტროფის (სეზონის ყველაზე კორექტული მოთამაშე) ოთხგზის მფლობელი: 1951,1953,1954,1961წწ.; სეზონის პირველი All Star-ის წევრი: 1951,1952,1953,1954,1955,1957წწ; მეორესი: 1950,1956წწ. (ყველა-მცველის პოზიციაზე). მეორე ადგილი დაიკავა ჰარტ ტროფის (სეზონის უძვირფასესი მოთამაშე) გამოკითხვაში: 1954 წ. ჯ .პ. ბიკელის მემორიალური პრიზის (ტორონტოს საკლუბო გუნდის ყოველმხრივ გამორჩეული პერსონა) მფლობელი: 1961წ.

ყველა ვარსკვლავთა მატჩები. კანადელმა 12-ჯერ იასპარეზა საუკეთესოთა ფორუმზე: 1950,1951,1952,1953,1954,1955,1956,1957,1958,1960,1962,1963წწ. ჯამში მის ანგარიშზე 8 ქულაა(1+7).

სამწვრთნელო კარიერა. წვრთნიდა NHL-ის კლუბებს: ლოს-ანჯელეს კინგზს (1967-69), პიტსბურგ პინგვინზს (1969-73), ტორონტო მეიპლ ლივზს (1973-77). სულ რეგულარულ პირველობებზე მის ანგარიშზე არის 742 თამაში, 278 მოგება, 330 მარცხი, 134 ფრე; პლე-იოფში: 62 მატჩი, 24 გამარჯვება, 38 წაგება. საუკეთესო შედეგი სეზონში: მეორე ადგილი კონფერენციაში: 1968,1970წწ; სტენლის თასზე-ნახევარფინალი: 1969,1970წწ.

პოლიტიკური კარიერა. იგი პროფესიონალი მოთამაშე გახლდათ, როცა ლიბერალების პარტიის რიგებში გაწევრიანდა და იყრიდა კენჭს კანადის პარლამენტში მოსახვედრად იორკ უესტის მხრიდან. 1962 წელს მან აჯობა ოპონენტებს და გახდა პარლამენტის წევრი. იყო ორი მოწვევის პარლამენტში და 1965 წელს დატოვა პარტიის რიგები, ვინაიდან გადაწყვიტა, მეტი დრო დაეთმო ოჯახისათვის. მას ოთხი შვილი ჰყავდა. ლეონარდ პატრიკ უმცროსი ჩქაროსანი მოციგურავე გახდა და ორ ოლიმპიადზე მიიღო მონაწილეობა: ალბერვილსა(1992) და ლილეჰამერში(1994). უფროსი კელი გარდაიცვალა 2019 წლის 2 მაისს 91 წლის ასაკში მშობლიურ ტორონტოში. The Hockey News-ს გამოკითხვით, ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეთა შორის დაიკავა 23-ე ადგილი: 1998 წ. NHL-ის ყველა დროის 100 საუკეთესო ჰოკეისტთაგანი: 2017წ. ტორონტოს დიდების დარბაზის წევრი: 1969წ; ონტარიოს სპორტის დიდების დარბაზის წევრი: 2001წ; კანადის სახელმწიფო ორდენის ლაურეატი: 2001წ; მისი ნომერ 4 მაისური ტორონტომ 2016 წლის 15 ოქტომბერს, ხოლო დეტროიტმა 2019 წლის 1 თებერვალს სამუდამოდ ამოიღო ხმარებიდან.

აკაკი ალთუნაშვილი
აკაკი ალთუნაშვილი
ავტორის ყველა სტატია