დაუფასებელი ლეგენდა - მარკ ტარდიფი
ჟოზეფ ჟერარ მარკიზ ტარდიფი. დაბადების თარიღი - 12.06.1949წ.; დაბადების ადგილი - გრანბი (კვებეკი, კანადა); სიმაღლე - 183 სმ; წონა - 88კგ; ამპლუა - მარცხენა ფრთის ფორვარდი. სათამაშო სტილი - დომინანტი, მაღალპროდუქტიულობით გამორჩეული ვინგერი. სწრაფი, ძლიერი, ერთი ერთზე თამაშის ელიტური და არაფრისგან საგოლე მომენტების შექმნის უნარების მქონე ჰოკეისტი. არ უფრთხოდა მეტოქეებთან ფიზიკურ ჯახსაც. მის თამაშს უწოდებდნენ „მოხერხებული (მოქნილი) წეროს“ სტილს. ეს წააგავს იმ წეროს, რომელიც მსხვერპლს უდარაჯდება, რათა გადამწყვეტი დარტყმა მიაყენოს. მოკლედ, მას ჰქონდა გონიერი და მოთმინებით აღჭურვილი მიდგომა შეტევის განხორციელებისადმი. ხელსაყრელ მომენტში კი ტყვიასავით გავარდებოდა მეტოქის კარისკენ. NHL დრაფტი: მე-2 ნომერი (1-ლი წრე): 1969 წ.
თამაშობდა შემდეგ გუნდებში (უფროსები): AHL: მონრეალ ვოიაჯერზი (1969-70წწ.); NHL: მონრეალ კანადიენზი (1970-73წწ.), კვებეკ ნორდიქზი (1979-83წწ.);WHA: ლოს-ანჯელეს შარქზი (1973-74წწ.); მიჩიგან სტეგზი (1974წ.); კვებეკ ნორდიქზი (1974-79წწ.). მანამდე ასპარეზობდა: QJHL-ში თეტფორდ კანადიენზისა (1966-67წწ.) და OHA-Jr.-ში მონრეალ ჯუნიორ კანადიენიზის (1967-69წწ.) რიგებში. ჰოკეის ეროვნულ ლიგას შეუერთდა დრაფტის პირველ ნომერსა და დიდი ხნის თანაგუნდელ რეჟან ულისთან ერთად. ეს უკანასკნელი შემდეგ მსოფლიო ჰოკეის ასოციაციაშიც ითამაშებს მასთან ერთად სამი სეზონის განმავლობაში. WHA-ში მარკის გადასვლა განაპირობა კანადიენზის მაშინდელ მწვრთნელთან, ლეგენდარულ სქოთ ბოუმენთან არსებულმა უთანხმოებამ. ეს უკანასკნელი ვერ ხედავდა მის მომავალს ამ კლუბის რიგებში. როცა WHA-მ შეწყვიტა არსებობა და კვებეკის გუნდი NHL-ში გადაბარგდა, ტარდიფის თანაგუნდელები გახდნენ სახელგანთქმული მიშელ გულე და ძმები შტიასტნები. ამის გამო იგი უკანა პლანზე გადავიდა და მეორე ან მესამე სამეულში ათამაშებდნენ. ცხადია, ეს არ აკმაყოფილებდა მას, მაგრამ მაინც პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას.

საკლუბო მიღწევები. სტენლის თასის მფლობელი: 1971,1973წწ-ში Avco World Trophy-ის (WHA-ს პლეი-ოფის) გამარჯვებული; 1977 წელს; ფინალისტი: 1975 წელს; AHL-ის რეგულარული სეზონის პირველადგილოსანი: 1970 წელს; Memorial Cup-ის მფლობელი - 1969 წელს.
საკლუბო სტატისტიკა. საკარიერო მაჩვენებლები. NHL: რეგულარული სეზონი: 517 თამაში, 194 გოლი, 207 პასი, 401 ქულა; +/- მაჩვენებელი: +23; 443 საჯარიმო წუთი; პლეი-ოფი: 62 მატჩი, 13 შაიბა, 15 პასი, 28 ქულა; +/- მაჩვენებელი: -10; 75 საჯარიმო წუთი. WHA: რეგულარული სეზონი: 446 თამაში, 316 გოლი, 350 ასისტი, 666 ქულა; +/- მაჩვენებელი: +116 (ერთი სეზონის გამოკლებით); 418 საჯ.წუთი; პლეი-ოფი: 44 მატჩი, 27 შაიბა, 32 პასი, 59 ქულა; +/- მაჩვენებელი: +4 (ერთი სეზონის გამოკლებით); 35 საჯ. წუთი. AHL: რეგულარული სეზონი: 45 თამაში, 58 ქულა (27+31); პლეი-ოფი: 8 პაექრობა, 9 ქულა (3+6); Memorial Cup-26 თამაში, 40 ქულა (17+23). მის ანგარიშზე არის: 9 სეზონი 30 და მეტი გატანილი შაიბით (6-WHA, 3-NHL), 17 ჰეთ-თრიქი (11-WHA, 6-NHL) (ყველა-რეგულარულ სეზონში). WHA-ს (1972-79წწ.) ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი (ბობი ჰალი ჩამორჩა 13 შაიბით); მეორადგილოსანი ქულებსა და მესამე-ასისტებში. სტენლის თასისა და Avco World Trophy-ის ფინალურ სერიებში მისი მონაგარი შეადგენდა შესაბამისად 6 (3+3) და 11 (5+6) ქულას. კაპიტანი იყო ორივე ლიგაში 1975-81წწ-ში.

სეზონური მაჩვენებლები. საუკეთესო სეზონი. NHL: 70 ქულა (39+31) 75 თამაშში (1981/82წწ.); 39 გოლი (1981/82წწ.); 35 პასი (1979/80წწ.); WHA: 154 ქულა (65+89) (1977/78წწ.) 78 მატჩში - ლიგის რეკორდი (იმ დროისთვის საუკეთესო შედეგი ორივე ლიგაში, ვინაიდან NHL-ში ყველაზე დიდი მიღწევა იყო 152 ქულა (76+76), რომელიც ფილ ესპოზიტოს ეკუთვნოდა (1970/71წწ.). ეს შედეგი უეინ გრეცკიმ გააუმჯობესა 1980/81წწ -ის სეზონში -164 (55+109); 71 შაიბა (1975/76წწ.) (მეორე მაჩვენებელი ლიგის ისტორიაში. ბობი ჰალმა გაიტანა 77 (1974/75წწ.); 89 პასი (1977/78წწ.). კარიერაში სამჯერ მოაგროვა 100 და მეტი ქულა, ამდენჯერვე გაიტანა 50 და მეტი გოლი. 1975/76წწ-ის სეზონში მოპოვებული 148 ქულა (71+77) (81 თამაში) მეორე შედეგია ლიგაში. პლეი-ოფი: NHL: 12 ქულა (6+6) 14 თამაშში (1973წ.); WHA: 21 ქულა(10+11) 15 მატჩში (1975 წ.).
სამატჩო მაჩვენებლები. WHA: რეგულარული სეზონი. ერთ თამაშში ყველაზე მეტი, 5 ქულა დააგროვა: 1974 (4+1) და 1979 (3+2) წლებში ვინიპეგ ჯეტზთან; 1975 წელს - ედმონტონ ოილერზთან (2+3), 1978 წელს - ინდიანაპოლის რეისერზთან (3+2); პლეი-ოფში ასევე 5 ქულა (1+4) მოიპოვა ფინიქს როუდრანერზის წინააღმდეგ. ორჯერ გაიტანა ოთხი შაიბა (1974 წელს ვინიპეგსა და 1976 წელს მინესოტასთან); ყველაზე მეტი - 4 საგოლე გადაცემა შესრულა ზემოთ ხსენებულ მატჩში ფინიქსთან ; NHL: 4 ქულა: 1981 წელს ნიუ-იორკ რეინჯერზთან (3+1); 1981 და 1982 წლებში - ტორონტო მეიპლ ლივზთან (1+3; 2+2).

ინციდენტი ყინულზე. 1976 წლის 11 აპრილს ნორდიქზი პლეი-ოფის მეოთხედფინალში სტუმრად ეთამაშებოდა კალგარი კოვბოიზს. ეს გახლდათ მეორე მატჩი. მასპინძლები წინ იყვნენ სერიაში. მატჩის მსვლელობის დროს, პირველ პერიოდში, კალგარელი “ტაფგაი“ რიკ ჯოძიო თავს დაესხა ტარდიფს. ჯოძიო კრივით იყო გატაცებული და ძალზე დაუნდობელი გახლდათ. მან ბორტთან მიმწყვდეულ მოწინააღმდეგეს ყვანჭი უთავაზა. ეს უკანასკნელი ძირს დაეცა. ჯოძიომ ხელთათმანები გაიძრო და დაცემულს კიდევ უთავაზა რამდენჯერმე მუშტი თავპირში. მარკი კარგა ხანს იწვა ყინულზე უგონო მდგომარეობაში, ვიდრე არ გაიყვანეს საკაცით. ამ ამბავს დიდი ჩხუბი და აყალმაყალი მოჰყვა ორივე გუნდში. პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო, რათა დაეშოშმინებინათ მოჩხუბარნი. ტარდიფი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კვებეკის ხელმძღვანელობა ისე იყო გაბრაზებული, რომ უარის თქმასაც აპირებდა სერიის გაგრძელებაზე. ითხოვდნენ, რომ სამუდამო დისკვალიფიკაცია მიეცათ ჯოძიოსთვის. ასევე დაესაჯათ კალგარელთა მწვრთნელი ჯო კროზიე და გადამდგარიყო თანამდებობიდან WHA-ის აღმასრულებელი დირექტორი. ჯოძიომ მიიღო დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე და მას WHA-ში აღარც კი უთამაშია. დასაჯეს მწვრთნელიც. პირველად ისტორიაში ჰოკეის მოთამაშე წარსდგა სასამართლოს წინაშე მეტოქეზე თავდასხმის გამო. სასამართლომ ის 3000 დოლარით დააჯარიმა. კვებეკმა ითამაშა დარჩენილი მატჩები, თუმცა, დამარცხდა სერიაში (1-4) და გამოეთიშა სათასო შეჯიბრს. ტარდიფი მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ დაბრუნდა ყინულზე, თუმცა, თავბრუსხვევები კარგა ხანს ჰქონდა. მისი თქმით, ამ ჩხუბის შემდეგ ის შედარებით ფრთხილი გახდა. თანაგუნდელების აზრით, მარკი აღარასოდეს ყოფილა ისეთი, როგორიც ადრე. თუმცა ამის საპირისპიროდ, სწორედ ტრავმის შემდეგ ჰქონდა მას ფანტასტიკური 154-ქულიანი სეზონი. ტარდიფმა აპატია მეტოქეს საქციელი. ამ მოვლენიდან 31 წლის შემდეგ, როცა ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, გადაეხვივნენ და ჯოძიომ ბოდიში მოუხადა ჩადენილი დანაშაულისთვის.
ინციდენტი მარკ ტარდიფსა და რიკ ჯოძიოს შორის
ყველა ვარსკვლავთა მატჩები. NHL-ში ერთხელ ითამაშა 1982 წელს და გაიტანა ერთი გოლი; WHA: 6-ჯერ იასპარეზა: 1974,1975,1976,1977,1978,1979 წლებში. უკანასკნელ წელს გაიმართა სამმატჩიანი სერია მოსკოვის დინამოსთან. ჯამში მან დააგროვა 12 ქულა (3+9). 1978 წელს ჰქონდა საუკეთესო პერფორმანსი, სადაც კვებეკის ნაკრებმა 5:4 დაამარცხა ლიგის დანარჩენი ვარსკვლავები. იმ თამაშში მან სარეკორდო 5 ქულა (1+4) შესძინა საკუთარ გუნდს და MVP-ის ტიტულიც მოიპოვა მარკ ჰოუსთან ერთად.
სხვა შეჯიბრებები. 1977 წლის იანვარში ნორდიქზმა შინ სუპერსერიების ეგიდით 6:1 დაამარცხა სსრ კავშირის კლუბების ნაკრები. მარკმა ერთი გოლი გაიტანა. თავად განსაჯეთ, საბჭოთა მხრიდან გამოდიოდნენ: ტრეტიაკი, ვასილიევი, ხარლამოვი, მიხაილოვი, მალცევი, ვიკულოვი, ბალდერისი, ა. იაკუშევი. იმავე წელს მონაწილეობა მიიღო გაზეთ იზვესტიას პრიზზე გამართულ ტურნირზე მოსკოვში. იქ 4 თამაშში ერთი შაიბით გამოიჩინა თავი. მისი კლუბი ბოლო ადგილზე გავიდა ხუთ გუნდს შორის (აქედან ოთხი ნაკრები იყო).
ჯილდოები/პრიზები/აღიარება. გორდი ჰოუ ტროფი-ს ლაურეატი (WHA-ს სეზონის უძვირფასესი მოთამაშე): 1976,1978 წლებში; ბილ ჰანტერ ტროფი -ს მფლობელი (WHA-ის რეგულარული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი): 1976,1978 წლებში; WHA-ის რეგულარული სეზონის საუკეთესო მეგოლე და მეპასე: 1976,1978 წლებში; WHA-ის სეზონის პირველი All Star-ის წევრი: 1976,1977,1978 წლებში; მეორე - 1975 წელს.
სანაკრებო კარიერა. 1974 წელს შეიყვანეს კანადის ნაკრებში Super Series-ებში მონაწილეობის მისაღებად. WHA-ის შემადგენლობაში სსრ კავშირის ნაკრებთან ითამაშა 5 მატჩი და მხოლოდ ერთი ასისტი გააკეთა (ზოგი მონაცემით, ორი). ასევე ჩაატარა სამი შეხვედრა: ფინეთთან, შვედეთსა და ჩეხოსლოვაკიასთან, სადაც თავი არ გამოუჩენია. 1976 წელს კანადის თასის წინ მიიწვიეს ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზე, თუმცა უარის თქმა მოუწია, ვინაიდან გადატანილი ტრავმის შემდეგ არ იყო სრულად გამოჯანმრთელებული.
აქტიური კარიერის შემდეგ იგი ბიზნესსაქმიანობაში გადაერთო. გახლდათ GM-ის დილერული ცენტრის პარტნიორი კვებეკში. ამ დროისთვის ფლობს ავტოსალონებს კვებეკ-სიტისა და შარლევუაში. საქმეს უძღვება ვაჟთან, მარკ-ანდრესთან, ერთად. კვებეკის სპორტის დიდების დარბაზის წევრი: 2009 წ. WHA-ის დიდების დარბაზის წევრი 2010წ. ჯერჯერობით არ განხილულა მისი საკითხი ტორონტოს დიდების დარბაზის წევრობის კანდიდატობაზე. ჯამში მან შვიდნახევარი სეზონი გაატარა NHL-ში და ექვსი-WHA-ში. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ლიგაში არ იყო დაფასებული, მსოფლიო ჰოკეის ასოციაციის არსებობის განმავლობაში ითვლება ერთერთ საუკეთესო მოთამაშედ, ზოგიერთი სპეციალისტის აზრით კი - საერთოდაც ნომერ პირველად.