აგრესორი ჰოკეის ვარსკვლავები
პროფესიონალური ჰოკეის ისტორიაში ბევრი მოთამაშე იყო, რომელიც გამოირჩეოდა ზღვარგადასული უხეშობითა და აგრესიით, ისინი ვინაც შიშის ზარს სცემდა მეტოქეებს. მათი მოვალეობა იყო დაეცვათ საკუთარი მეკარე, საუკეთესო მოთამაშენი და ასევე ფსიქოლოგიურად გაეტეხათ მოწინააღმდეგე ყინულზე. ისინი ხელჩართული ბრძოლის დიდოსტატები გახლდნენ. ამ „ცუდ ბიჭებს“ ანუ „enforcer”-ებს: „პოლიციელებს“, “tough guy”-ს, “goon”-საც ეძახიან. როგორც წესი ასეთი ჰოკეისტები არ გამოირჩევიან მაღალი პროდუქტიულობით და განსაკუთრებული მიღწევებით. თუმცაღა, შეიძლება არ იცოდეთ, რომ ჰოკეის ვარსკვლავებსა და სუპერვარსკვლავებშიც იყვნენ მსგავსი წარმომადგენლები. ვგულისხმობ არა მხოლოდ ძალისმიერი ყაიდის, ხისტ მოთამაშეებს, არამედ იმათ, ვინ გამოირჩეოდა უხეშობითა და გაწევ-გამოწევის უნარით. სწორედ მათზე გვექნება საუბარი. მათ შორის მინდა გამოვყო ორი ჯგუფი: ერთი, რომელიც ჩხუბშიც და უხეშობაშიც(ანუ ბლომად აგროვებდა საჯარიმო წუთებს) ჩინებულად გამოიყურებოდა და მეორე, რომელსაც ნაკლები საჯარიმო წუთები ჰქონდა, მაგრამ კარგად იქნევდა მუშტებს.
რათა გავიმარტივოთ ეს ყველაფერი, ცხრილის სახით შემოგთავაზებთ ორივე ჯგუფის მოთამაშეებს, რომელთაც ჰოკეის მოყვარულები კარგად იცნობენ. ამა თუ იმ ჰოკეისტის ყინულზე გამართული მუშტი-კრივის ჯამური რიცხვი მოყვანილია www.hockeyfights.com-ზე დაყრდნობით, რომელიც ოფიციალურ წყაროდ ითვლება. სამწუხაროდ, ძველი თაობის ჰოკეისტების მაჩვენებლების მოძიება გაჭირდა. ზოგიერთი მონაცემი აწ არარსებული www.dropyourgloves.com-დან ავიღეთ. ასევე მოვიყვანეთ მიღებული ჯარიმების(penalties) მონაცემები www.nhl.com/stats-ის მიხედვით: ე.წ. major(დიდი)(5-წუთიანი გაძევება) და misconduct(შემოკლებით msct)(არასწორი საქციელი)(10-წუთიანი გაძევება). პირველში შედის მეტოქის მიმართ გარკვეული აგრესიული ქმედებები და შეხლა-შემოხლა, ხოლო მეორეში-მსაჯების და ოფიციალური პირების შეურაცხყოფა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში უდისციპლინო ქცევა, ჩხუბის პროვოცირება. ერთერთ გრაფაში შევიტანე ე.წ. გორდი ჰოუს ჰეთ-თრიქი(გოლი+პასი+ჩხუბი), რომელიც დააინტერესებს მკითხველს. აქ ორი ვარიანტია: ერთი-ფართოდ გავრცელებული მონაცემები ინეტერნეტწყაროებიდან და მეორე-www.nhl.com/stats-ის მიხედვით: გოლი+პასი+major(5 წუთი).

