ვებგვერდი მზადების პროცესშია

ჰოკეის
ფედერაცია

ჟაკ პლანტი

ჟაკ პლანტი

ჟოზეფ ჟაკ ომერ პლანტი (Joseph Jacques Omer Plante). დაბადების თარიღი: 17.01.1929წ. დაბადების ადგილი: ნოტრ-დამ-დიუ-მონ-კარმელი (კვებეკი, კანადა). ნიკი: Jake the Snake/The Innovator. სიმაღლე-183 სმ. წონა-79კგ. ამპლუა: მეკარე. სათამაშო სტილი: ძველი ყაიდის, მდგომარე, ე.წ. stand-up style-ის მიმდევარი გოლკიპერი (როცა ფეხზე მდგომი იცავს კარს და იგერიებს შაიბას სხეულით, ყვანჭით, ციგურით). გარკვეული დრო სცადა butterfly (პეპელას) სტილით თამაში, მაგრამ მალევე დაანება თავი და ისევ ჩვეულ დგომს დაუბრუნდა. იგი გახდა ნოვატორი და რევოლუციონერი ამ ამპლუის მოთამაშეთა შორის. იმხანად გოლკიპერები არ ტოვებდნენ საკუთარ ზონას და კარზე იყვნენ მიჯაჭვულები. ის პირველი იყო, ვინც გადიოდა ზონის გარეთ. მისი ასეთი გამოსვლა მეტოქის თავდამსხმელებს უზღუდავდა დარტყმის კუთხეს. ასევე ეხმარებოდა მცველებს და ხშირად აძლევდა საჭირო მითითებებს თანაგუნდელებს. გარდა ამისა, კარს უკანაც დასრიალებდა, იგერიებდა შემოვარდნილ შაიბას ან აჩერებდა მას და თავის მცველებს უბრუნებდა. მან პირველმა მოირგო დამცავი ნიღაბი, რომელსაც რეგულარულად იყენებდა თამაშის დროს (ამაზე დაწვრილებით ქვემოთ).

საკლუბო გუნდები: NHL: მონრეალ კანადიენზი (1953,1954-63), ნიუ-იორკ რეინჯერზი (1963-65), სენტ-ლუის ბლუზი (1968-70), ტორონტო მეიპლ ლივზი (1970-73), ბოსტონ ბრუინზი (1973); AHL: ბაფალო ბიზონზი (1953-54), ბალტიმორ კლიპერზი (1965); EPHL: მონრეალ როიალზი (1960); WHA: ედმონტონ იოლერზი (1974-75). მანამდე გამოდიოდა: QJHL-ს კვებეკ სიტადელში (1947-49); QSHL/QMHL-ს (იმ დროისთვის სამოყვარულო ლიგა) მონრეალ როიალზში (1949-52).

საკლუბო მიღწევები: სტენლის თასის მფლობელი: 1953,1956,1957,1958,1959,1960წწ.; ფინალისტი: 1954,1955,1969,1970წწ. ათი ფინალი (ზედიზედ რვა) საუკეთესო შედეგია ამ ამპლუის მოთამაშეთა შორის. მის გარდა, ექვსი ბრილიანტის ბეჭედი მხოლოდ ორმა კიპერმა მოიგო ისტორიაში: ჩარლი ჰოჯმა (მან მხოლოდ ერთ ფინალურ სერიაში ითამაშა, დანარჩენ დროს სათადარიგო იყო) და კენ დრაიდენმა.

საკლუბო სტატისტიკა. საკარიერო. NHL: რეგულარული სეზონი-837 თამაში, 437 მოგება (ამჟამად უკავია მე-10 ადგილი ლიგის ისტორიაში), 1960 გაშვებული გოლი (გგ), 2,38-გაშვებული გოლების საშუალო მაჩვენებელი (გგსმ), .920-მოგერიების პროცენტული მაჩვენებელი (მპმ)(არასრული/შემოიღეს 1955/56წწ.-ის სეზონიდან), 82 „მშრალი“ მატჩი-შათაუტი (შთ)(ყველა დროის მეხუთე მაჩვენებელი), 6 საგოლე გადაცემა. ჯამში მოედანზე გაატარა 49513 წუთი და 8 წამი; პლეი-ოფი: 112 მატჩი, 71 მოგება (აქაც მე-10 ადგილი), 235 გგ, 2,12 გგსმ, .923 მპმ (არასრული), 14 შთ (იყოფს მე-7-9 ადგილებს დომინიკ ჰაშეკსა და ედ ბელფურთან ერთად), ერთი საგოლე პასი; მოედანზე დაჰყო 6645 წთ და 43 წმ. იგი დღემდე არის რეკორდსმენი სტენლის თასის ფინალურ სერიებში ნათამაშები მატჩებითა(41) და მოპოვებულ გამარჯვებათა რიცხვით(25). WHA (ითამაშა ერთი სეზონი): რეგულარული პირველობა-31 თამაში, 15 გამარჯვება, 88 გგ, 3,32 გგსმ, 1 შთ, 1 საგოლე პასი; ყინულზე დაჰყო 1592 წთ; პლეიოფში არ უასპარეზია. AHL: რეგულარული სეზონი-105 პაექრობა, 51 მოგება, 313 გგ, 3,02 გგსმ, 6 შთ; პლეიოფი-5 მატჩი, 2 მოგება, 14 გგ, 2,67 გგსმ, 1 შთ. EPHL: რეგულარული სეზონი-8 თამაში, 3 გამარჯვება, 24 გგ, 3,00 გგსმ, 0 შთ (პლეი-ოფში არ გამოსულა).

სეზონური. საუკეთესო მაჩვენებლები. NHL: რეგულარული სეზონი-70 თამაში (1961/62), 42 მოგება (1955/56), 1,86 გგსმ (1955/56), .944 მპმ (1970/71), 9 შთ (1956/57,1957/58,1958/59); პლეი-ოფი-12 მატჩი(1955), 8 მოგება (1956,1957,1958,1959,1960,1969), 1,35 გგსმ (1960), .950 მპმ(1960), 3 შთ(1960,1969). 1969 წელს გაუშვა 14 გოლი, რაც უმცირესია პლეიოფების ისტორიაში (მინიმუმ 10 თამაში).

სამატჩო. საუკეთესო მაჩვენებლები. NHL: მოგერიება(სეივი)(ითვლება 1955/56წწ.-ის სეზონიდან): რეგულარული სეზონი: 53 (59 დარტყმიდან)(1963); პლეი-ოფი: 42 (44-დან)(1961).

სხვა ფაქტები. 1965 წლის 15 დეკემბერს სქოთი ბოუმენის მოწვევით ითამაშა მატჩი სსრ კავშირის ნაკრების წინააღმდეგ „მონრეალ ჯუნიორ კანადიენზის“ რიგებში. საბჭოელები არაოფიციალურ თამაშებს ატარებდნენ ჩრდილოეთ ამერიკაში. მის რიგებში იყვნენ მომავალი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები: ფირსოვი, რაგულინი, დავიდოვი, კუზკინი, ასევე სტარშინოვი, ლოკტევი, ალმეტოვი, ვიკულოვი, ბ. მაიოროვი, ვ. იაკუშევი. იმ დროს პლანტს დასრულებული ჰქონდა კარიერა. თუმცაღა, ამან ხელი ვერ შეუშალა მეკარეს ბრწყინვალედ გამოსვლაში. მონრეალის ფორუმი“ დიდი ოვაციებით შეხვდა ძველ კუმირს. კანადელ კიპერთა დუეტმა 26-დან 25 დარტყმა მოიგერია და ხელი შეუწყო მასპინძელთა გამარჯვებას-2:1. სხვათა შორის, იმ გუნდში იასპარეზეს: სერჟ სავარმა, ჟაკ ლემერმა და ქრის ბორდელომ. სამი წლის მერე ლეგენდარული გოული ისევ დაუბრუნდა სარბიელს. იგი ორი სეზონის განმავლობაში გამოდიოდა სენტ-ლუისში არანაკლებ სახელოვან გლენ ჰოლთან ერთად (სწორედ მისგან ცდილობდა ჟაკი გადაეღო ე.წ. ბატერფლაის სტილი). ისინი ორჯერ გავიდნენ სტენლის თასის ფინალში, მაგრამ ვერ მოიპოვეს მთავარი ჯილდო.

ჟაკ პლანტის ნიღბები

დამცავი ნიღაბი. იმ ეპოქაში მეკარეებს სახე აბსოლუტურად დაუცველი ჰქონდათ. დიდი ხნით ადრე, 1930 წელს, „მონრეალ მარუნზის“ კარის დარაჯმა კლინტ ბენედიქტმა, მას შემდეგ რაც ცხვირის ძგიდე გაუტეხეს და ექვსკვირიანი უქმობა მოუწია, გადაწყვიტა ნიღბით გამოსვლა. ეს მოხდა 24 თებერვალს. სულ ხუთი თამაში ითამაშა ნიღბით. იგი ცდიდა სხვადასხვა სახის დამცავ საშუალებას. ბოლოს, საკმოდ უცნაური ტყავის ნიღაბი ეკეთა, რომელიც მოკრივეთა სასპარინგო ჩაფხუტს წააგავდა. ცხვირის მიდამო ძალიან გამოწეული იყო, რაც ხელს უშლიდა ხედვაში, ამიტომ მას მერე აღარ ჩაუცვამს. გავიდა თითქმის 30 წელი და პლანტმა პირველად გამოიყენა იგი. ის ნიღაბს მანამდეც ხმარობდა, ოღონდ საწვრთნელი ვარჯიშების დროს. თუმცაღა, დადგა თამაშის დროს მისი გამოყენების აუცილებლობა. 1959 წლის 1 ნოემბერს „ნიუ-იორკ რეინჯერზთან“ მატჩის მსვლელობისას ენდი ბათგეიტის მიერ გატყორცნილი შაიბა ცხვირში მოხვდა და გაუტეხა იგი. მეკარე გასახდელში გაიყვანეს და ჭრილობაზე ნაკერები დაადეს. ამის გამო თამაში გაჩერდა 45 წუთით. როცა ის მოედანზე დაბრუნდა, მას ეკეთა უხეში, მინაბოჭკოვანი მასალისგან დამზადებული და სახეზე მჭიდროდ მორგებული თვითნაკეთი ნიღაბი. ამის დანახვაზე მონრეალელთა მწვრთნელი ტო ბლეიკი გადაირია. იგი კატეგორიული წინააღმდეგი იყო ნიღბისა, ვინაიდან, მისი აზრით, ის ხელს შეუშლიდა მოედნის ხედვაში. მეკარე ჯიუტად ამბობდა უარს ნიღბის გარეშე თამაშზე. ბლეიკი იძულებული გახდა, უფლება მიეცა, ვინაიდან სხვა მეკარე არ ჰყავდა, თან იმ პირობით, რომ ის მოიხსნიდა ნიღაბს მას მერე რაც ჭრილობა მოუშუშდებოდა. ის თამაში „კანადიენზმა“ მოიგო 3:1. უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ნეგატიური გამოხმაურება ჰქონდა ამ ნიღაბს საზოგადოებაში, მათ შორის, ჰოკეისტებსა და გულშემატკივართა შორის. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მხოლოდ მშიშრები იკეთებენ ნიღაბს, ნამდვილი ვაჟკაცები „შიშველი სხეულით“ უნდა ხვდებოდნენ შაიბასაც და ყოველგვარ დარტყმასაც. პრესაც კი აკრიტიკებდა და დასცინოდა ჩვენს გმირს. არადა, იმ დროში კარის დარაჯები ძალიან მოწყვლადები იყვნენ. ხშირად იღებდნენ ტრავმებს, განსაკუთრებით, თავის არეში. ჰოკეის მოყვარულებმა კარგად იციან, თუ რა დღეში ჰქონდათ სახე იმ დროის გოლკიპერებს-მთლიანად ჭრილობებითა და ნაწიბურებით დაფარული. თუნდაც სახელოვანი ტერი სავჩუკი გავიხსენოთ.

ტერი სავჩუკი

შემდგომ თამაშებზე ჟაკი აღარ იხსნიდა ნიღაბს და „მონრეალის“ წაუგებელი სერია 18 მატჩამდე გაგრძელდა. ბლეიკი თითქოსდა ნელ-ნელა ეგუებოდა ამას, თუმცა, მაინც სთხოვა მეკარეს მოეხსნა იგი. ეს მოხდა 1960 წლის 8 მარტს, „დეტროიტთან“ თამაშის წინ. მონრეალმა“ წააგო ის დაპირისპირება (0:3). ამის შემდეგ ჟაკმა ისევ გაიკეთა ნიღაბი. იმ წელს „კანადიენზმა“ ზედიზედ მეხუთედ მოიგო სტენლის თასი. შემდგომ პლანტმა შექმნა ნიღბები საკუთარი დიზაინის მიხედვით. ასევე სხვა მეკარეებისთვისაც ქმნიდა მსგავს აღჭურვილობას. იგი ცდილობდა მათ გაუმჯობესებას და ატარებდა ტესტირებას. მან  გამოსცადა თანამედროვე ნიღბის წინამორბედი ვარიანტიც-ჩაფხუტისა და დამცავი ცხაურის კომბინაცია. კანადელმა ნიღაბი აქცია ჰოკეისტების ყოველდღიურ აღჭურვილობად, რომელიც ჩვენს დროში აუცილებელი ატრიბუტია ყველა მეკარისთვის (1969 წლის ბოლოსთვის არსებითად ყველა ატარებდა მას). მან დასძლია ყოველგვარი სტერეოტიპი, გაუძლო კრიტიკისა და დაცინვის ქარცეცხლს და იხსნა კოლეგები არა მარტო მძიმე ტრავმებისგან, არამედ ლეტალური  შემთხვევებისგანაც. ამ მხრივ მისი დამსახურება განუზომელია.

ჯილდოები/პრიზები/აღიარება. „ჰარტ მემორიალ ტროფის“ (სეზონის უძვირფასესი მოთამაშე) ლაურეატი: 1962წ. (მეოთხე მეკარე ისტორიაში, ვინც ეს ჯილდო მოიპოვა). „ვეზინა ტროფის“ (სეზონის საუკეთესო გოლკიპერი) რეკორდსმენი მოპოვებული პრიზის რაოდენობით: 1956,1957,1958,1959,1960,1962,1969წწ.(უკანასკნელი გაიზიარა ჰოლთან)(ავტორის შენიშვნა: იმ დროში ეს პრიზი გადაეცემოდათ იმ გუნდის მეკარეებს, ვინც ყველაზე ცოტა გოლს უშვებდა რეგულარულ სეზონში). სეზონის პირველი All Star-ის წევრი: 1956,1959,1962წწ; მეორე: 1957,1958,1960,1971წწ. „ყველა ვარსკვლავთა“ მატჩში გამოვიდა რვაჯერ: 1956,1957,1958,1959,1960,1962,1969,1970წწ.

სამწვრთნელო კარიერა. 1973-74 წლებში გახლდათ WHA-ს კლუბ „კვებეკ ნორდიქზის“ მთავარი მწვრთნელი და გენერალური მენეჯერი. გუნდმა რეგულარულში 78-დან 38 თამაში მოიგო, დააგროვა 80 ქულა, დაიკავა მეხუთე ადგილი კონფერენციაში და ვერ მოხვდა პლეი-ოფში.

პლანტმა 1975 წელს დაასრულა კარიერა მას მერე, რაც გარდაეცვალა უმცროსი ვაჟი. შემდეგ იგი გახდა ჰოკეის ანალიტიკოსი, მრჩეველი, მიმომხილველი. გამოდიოდა კანადის რადიოშიც. იგი აანალიზებდა 1972 წლის კანადა-სსრ კავშირის ცნობილი სუპერსერიის ტელეტრანსლაციას. ასევე ატარებდა სამწვრთნელო სემინარებს. მოგზაურობდა საზღვარგარეთ, თავის გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებდა ჰოკეის მწვრთნელებს, მოთამაშეებს, განსაკუთრებით, გოლკიპერებს. დაწერა და გამოუშვა მთელი რიგი სასწავლო-შემეცნებითი წიგნები მეკარეობის შესახებ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ცხოვრობდა შვეიცარიაში მეორე ცოლთან ერთად. 1985 წელს დაუსვეს კუჭის კიბოს ტერმინალური სტადიის დიაგნოზი. გარდაიცვალა ჟენევის ჰოსპიტალში 1986 წლის 27 თებერვალს. დაკრძალეს ქალაქ სიერში.

ტორონტოს  „ჰოკეის დიდების დარბაზის“ წევრი: 1978 წ.; WHA-ის „დიდების დარბაზის“ წევრი: 2010წ.(ლეგენდის სტატუსით); კანადის სპორტის „დიდების დარბაზის“ წევრი - 1981წ.; კვებეკის სპორტის პანთეონის რჩეული-1994წ.; The Hockey News-ის გამოკითხვით, NHL-ის ყველა დროის საუკეთესო ჰოკეისტებს შორის დაიკავა მე-13 ადგილი: 1998 წ(მის წინ კიპერებიდან მხოლოდ ტერი სავჩუკი იყო); იმავე The Hockey News-ის თანახმად, ოღონდ, ამპლუის მიხედვით, მეოთხე ადგილი არგუნეს მეკარეთა შორის: 2010წ. NHL-ის ოფიციალური საიტის გამოკითხვით, ყველა დროის 100 საუკეთესო ჰოკეისტთაგანი: 2017წ. 1995 წლის 7 ოქტომბერს „კანადიენზმა“ მისი ნომერ „1“ მაისური ამოიღო ხმარებიდან. მისი სახელობის ჯილდოები ყოველწლიურად გადაეცემათ: QMJHL-ის ლიგის საუკეთესო მეკარეს გაშვებული გოლების საშუალო რაოდენობის მიხედვით და შვეიცარიის ლიგის საუკეთესო მეკარეს.

აკაკი ალთუნაშვილი
აკაკი ალთუნაშვილი
ავტორის ყველა სტატია