ვებგვერდი მზადების პროცესშია

ჰოკეის
ფედერაცია

პეტერ შტიასტნი

პეტერ შტიასტნი

Peter Šťastný

უდიდესი სლოვაკი ჰოკეისტი დაიბადა 1956 წლის 18 სექტემბერს ბრატისლავაში. ნიკი (მეტსახელი): პეტრე დიდი. ამპლუა: ცენტრფორვარდი. სიმაღლე: 185 სმ, წონა: 90-91კგ (აქტიური კარიერის დროს). თამაშის სტილი: ბრწყინვალე პლეიმეიკერი და დომინანტურად შემტევი ცენტრი. ცნობილი იყო მოედნის შესანიშნავი ხედვითა და მაღალი სათამაშო ინტელექტით. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ იყო ძალისმიერი მოთამაშე, რთული იყო მისთვის შაიბის ართმევა. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში შემოიტანა შაიბის ფლობაზე ორიენტირებული ევროპული სტილი, რომელიც  ფოკუსირებული იყო ციგურაობაზე, პასებზე, მოედნის მთელი სიგანის გამოყენებაზე, რამაც ხელი შეუწყო გუნდების შესატევი ტაქტიკის ცვლილებასა და გადაჯგუფებას. ასპარეზობდა შემდეგ კლუბებში: HC სლოვანი(ბრატისლავა)(1974-80,1994), კვებეკ ნორდიქზი(1980-90), ნიუ-ჯერსი დევილზი(1990-94), სენტ-ლუის ბლუზი(1994-95). მშობლიურ ბრატისლავურ კლუბში მეორედ ითამაშა NHL-ის 1994/95წწ.-ის სეზონის ლოკაუტის გამო.

გაქცევა ქვეყნიდან. როცა პეტერი ასპარეზობდა „სლოვანში“ , მასთან ერთად გამოდიოდნენ მისი ძმები-მარიანი(დაბ. 08.01.1953) და ანტონი (დაბ.05.08.1959). მარიანი იყო მარჯვენა ფრთაზე, ანტონი-მარცხენაზე, ხოლო პეტერი-ცენტრში. 1980 წლის 24 აგვისტოს, როცა მშობლიური კლუბი ავსტრიაში, კერძოდ, ინსბრუკში, იმყოფებოდა ტურნირზე, ჩვენი სტატიის გმირმა კანადური „კვებეკ ნორდიქზის“ წარმომადგენელთა დახმარებით თავის რვა თვის ორსულ მეუღლესა და ანტონთან ერთად მოახერხა გაქცევა (ოკეანისგაღმელებს თავიდან უნდოდათ ანტონის წაყვანა, თუმცა, შემდეგ პეტერიც და მარიანიც მოექცა მათი ინტერესის სფეროში. მხარეები წინასწარ იყვნენ მოლაპარაკებულნი ყველაფერზე). ეს ისტორია ნამდვილი ჰოლივუდური ბლოკბასტერი გამოვიდა. იმის ნაცვლად, რომ თანაგუნდელებთან ერთად ავტობუსში ჩამსხდარიყვნენ, სლოვაკები წინასწარ მომზადებულ ავტომობილში ჩასვეს და ვენისკენ გაემართნენ. კანადის საელჩომ იზრუნა მათს უსაფრთხოებაზე, რათა თავიდან აეცილებინათ მოსალოდნელი დევნა ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლების მხრიდან. როცა სამშვიდობოს გავიდნენ, ძმები აიყვანეს თვითმფრინავის ბორტზე და ოკეანის გაღმა გადააფრინეს. მარიანმა ვერ მოახერხა მათთან ერთად წასვლა, ვინაიდან ცოლი და მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდა სახლში. კომუნისტურმა მთავრობამ ძმები ქვეყნის მოღალატეებად შერაცხა. მარიანს თამაში აუკრძალეს. შეუზღუდეს გადაადგილება როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მათი მამა სამსახურიდან დაითხოვეს. ოჯახს ჩამოართვეს საცხოვრებელი აპარტამენტი. „ნორდიქზი“ ამ ხნის განმავლობაში ფინანსურად ეხმარებოდა სავალალო მდგომარეობაში მყოფ შტიასტნებს. ერთი წლის შემდეგ უფროსმა ძმამ მაინც შეძლო გაქცევა და თავის ძმებს შეუერთდა. კვებეკელთა დახმარებით უნგრეთისა და იუგოსლავიის გავლით ვენაში მოხვდა. იქიდან კი ის და მისი ოჯახი კანადაში გადაიყვანეს. 1974 წელს მსგავსი გაქცევა განახორციელეს შვეიცარიიდან ლეგენდარულმა ვაცლავ ნედომანსკიმ და რიხარდ ფარდამ. ეს იყო მეორე მძიმე დარტყმა ქვეყნისათვის. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებისა და „სლოვანის“ თავდამსხმელთა ტრიო კვებეკში ისევ აღდგა. ანტონმა ძმასთან ერთად ითამაშა 1989 წლამდე, მარიანმა-1985 წ.-მდე (ამ უკანასკნელმა კიდევ ერთი სეზონი „ტორონტოში“ გაატარა).

აი, რა თქვა თავად პეტერმა: „ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება ჩემ ცხოვრებაში. ამან მისცა ჩემ ოჯახს ისეთი შესაძლებლობანი, რაზეც შეეძლო მხოლოდ ეოცნება ხალხს რკინის ფარდის მიღმა, ხოლო ის, რომ მომეცა შესაძლებლობა ჩემს ორ ძმასთან ერთად მეთამაშა პროფესიონალურ ჰოკეიში, ისე იყო როგორც ტორტზე ალუბალი“. ამ ამბების შემდეგ ჩეხოსლოვაკიის მთავრობა დათმობაზე წავიდა და დამსახურებულ, ვეტერან ჰოკეისტებს ნება დართო, ოკეანისგაღმა ეთამაშათ.

მარიან, პეტერ და ანტონ შტიასტნი

საკლუბო მიღწევები. ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონი: 1979წ. NHL-ში საუკეთესო შედეგი გახლდათ სტენლის თასის კონფერენციის ფინალი 1982 და 1985 წწ.-ში.

საკლუბო სტატისტიკა. ჩეხოსლოვაკიის ეროვნულ ჩემპიონატებში ჩაატარა 198 თამაში. გაიტანა 131 გოლი და მისცა 109 პასი, სულ-240 ქულა (იმ დროს პლეი-ოფები არ იმართებოდა). სლოვაკეთის პირველობა-4 მატჩი, 4 პასი, 4 ქულა. საუკეთესო სეზონი ჰქონდა 1978/79 წწ-ში-55 ქულა (32+23) 39 შეხვედრაში 1976/77წწ.-ში-27 ასისტი. იმ საჩემპიონო წელს მარიანი გახლდათ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი 74 (39+35) ქულით, ანტონმა დააგროვა 51 (32+19) ქულა. 1976/77 და 1977/78წწ.-ის მიჯნაზე „კლადნომ“ ინათხოვრა პეტერი და მარიანი ჩრდილოამერიკული ტურნესათვის, სადაც NHL-ის კლუბებს ეთამაშნენ ე.წ. სუპერსერიების ეგიდით. ჩვენმა გმირმა ჯამში 3 შაიბა გაიტანა (არსებული მონაცემებით, ჰქონდა 6 საგოლე ასისტიც).

NHL: რეგულარული სეზონი: 977 თამაში, 450 შაიბა, 789 პასი, 1239 ქულა; პლეი-ოფი: 93 შეხვედრა, 33 გოლი, 72 პასი, 105 ქულა. პირველივე სეზონში მან მოაგროვა 109 ქულა (39+70), რაც რეკორდი გახლდათ ახალბედებს შორის (მართალია, უეინ გრეცკიმ 1979/80წწ.-ის სეზონში 137 ქულა (51+86) დააგროვა, მაგრამ, ვინაიდან მას მანამდე WHA-ში ჰქონდა ნათამაშები, არ ჩაუთვალეს სადებიუტო სეზონად). იგი გააუმჯობესა ტეემუ სელიანემ 1992/93 წწ.-ის სეზონში-132(76+56). 70 პასი კი კვლავ რეკორდულია დებიუტანტებში (იყოფს ჯო ჟიუნოსთან ერთად). კარიერაში შვიდჯერ მოაგროვა 100 და მეტი ქულა. ამ მაჩვენებლით იგი პირველია ევროპაში დაბადებულ ჰოკეისტებს შორის. ჯამური მონაგარით, სტენ მიკიტას თუ არ ჩავთვლით (იგი სლოვაკეთში დაიბადა, მაგრამ კანადაში იზრდებოდა და ჰოკეისტადაც იქ ჩამოყალიბდა), ყველა დროის საუკეთესო მექულეა სლოვაკთა შორის. ამასთან, პირველი ევროპაში დაბადებული, ვინც 1000-ქულიან ზღვარს გადააბიჯა. 1982/83წწ.-ის რეგულარულ სეზონში მეორე ბომბარდირი იყო გრეცკის შემდეგ, ხოლო 1981/82წწ.-ში მესამე - გრეცკისა და მაიკ ბოსის შემდეგ. ხუთჯერ გაიტანა სეზონში 40 და მეტი შაიბა, რვაჯერ-30 და მეტი. საუკეთესო სეზონი ჰქონდა 1981/82წწ.-ში-139 ქულა(46+93). 47 შაიბით დაამწუხრა მეტოქეები მომდევნო სეზონში. 93 პასი დღემდე საუკეთესო შედეგია ჩეხსა და სლოვაკ მოთამაშეებს შორის. საოცარი პერფორმანსი ჰქონდათ პეტერსა და ანტონს 1981 წლის თებერვალში. 20 თებერვალს, „ვანკუვერთან“ (9:3) თამაშის დროს, ძმებმა 6-6 ქულა მოაგროვეს ერთნაირად-3+3. ორი დღის შემდეგ „ვაშინგტონთან“ (11:7) გააუმჯობესეს შედეგები და 8-8 ქულა შესძინეს გუნდს: პეტერმა-4+4, ანტონმა-3+5. ამ უკანასკნელი მატჩის მაჩვენებლები (რვა ქულა ერთ მატჩში) ყველა დროის რეკორდია ახალბედებს შორის (ცხადია, ძმებს შორისაც). ზედიზედ ორ თამაშში შტიასტნებმა 14-14 ქულა მოიპოვეს, რაც ფანტასტიკური მაჩვენებელია და რომლის გაუმჯობესებაც შეუძლებელი ჩანს მომავალში. მას შემდეგ, რაც მარიანი შეუერთდა ძმებს, ეს იყო მესამე ტრიო ერთ კლუბში NHL-ის მთელი ისტორიის განმავლობაში ბენტლებისა („ჩიკაგო ბლექ ჰოქზი“, 40-იანი წლები) და პლაგერების („სენტ ლუის ბლუზი“, 70-იანი წლები) შემდეგ. პეტერის საუკეთესო მაჩვენებლები პლეი-ოფის ერთ სერიაში: 7 გოლი (1982), 19 პასი (1985), 23 ქულა (4+19)(1985). მის ანგარიზე არის 19 საკარიერო ჰეთ-თრიქი: 17 რეგულარულ სეზონსა და 2 - პლეი-ოფში (თავად იარომირ იაგრსაც არა აქვს ასეთი შედეგი. მის ანგარიშზე  16(15+1) ჰეთ-თრიქია). All Star Game-ში გამოვიდა ექვსჯერ: 1981,1982,1983,1984,1986,1988წწ.-ში და მოიპოვა 5 ქულა (2+3). 1985-90 წლებში გახლდათ „ნორდიქზის“ კაპიტანი.

სანაკრებო მიღწევები. იგი იყო პირველი ჰოკეისტი ისტორიაში, რომელიც (უფროსებში) სამი ქვეყნის ნაკრების-ჩეხოსლოვაკიის (1976-80წწ.), კანადისა (1984წ.) და სლოვაკეთის (1994-95წწ.). სახელით გამოვიდა: არის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი 1976,1977წწ.; ვერცხლის პრიზიორი: 1978,1979წწ.; კანადის თასის მფლობელი: 1984წ.; მეორეადგილოსანი: 1976წ.; ოლიმპიურ თამაშებზე: მე-5-1980წ.; მე-6: 1994წ.; მსოფლიო პირველობის „B“ ჯგუფის (I დივიზიონი) გამარჯვებული: 1995წ.: გაზეთ „იზვესტიას“ პრიზის პირველადგილოსანი 1977 წელს.

სანაკრებო სტატისტიკა. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში მისი მონაგარი არის 130 თამაში, 51 გოლი, 29 პასი. აქედან ოლიმპიური თამაშები: 6 მატჩი, 14 ქულა (7+7); მსოფლიო ჩემპიონატები: 37 მატჩი, 36 ქულა (18+18); კანადის თასი: 7 შეხვედრა, 4 ქულა (0+4); გაზეთ „იზვესტიას“ პრიზი: 5 შაიბა. 1980 წლის ოლიმპიადაზე მეხუთე ადგილისათვის გამართულ პაექრობაში კანადის გუნდის კარში 6 გატანილი გოლიდან ხუთში ძმებმა დაიდეს წილი. მარიანმა 4 ქულა მიითვალა (3+1), ანტონმაც-4 (2+2), პეტერმა-3 (0+3). ძმებთან ერთად გარკვეული დრო ნაკრებში გამოდიოდა მეოთხე შტიასტნიც-ბოჰუსლავი, მაგრამ იგი ჩეხი გახლდათ და არ ჰქონდა ნათესაური კავშირი მათთან.

კანადის ნაკრები: 8 შეხვედრა, ერთი გოლი, 2 ასისტი (სლოვაკურ წყაროებში მითითებულია 10 თამაში (?). 1984 წლის კანადის თასზე ერთადერთი გოლი თანამემამულეებს გაუტანა ჯგუფურ ტურნირზე (7:2)(იმ ტურნირის მსვლელობისას საბჭოთა და ჩეხი კომენტატორები შეგნებულად არ ამბობდნენ მის სახელს).

სლოვაკეთის ნაკრები: 31 თამაში, 20 შაიბა, 15 პასი (ეს უკანასკნელი, შესაძლოა, მეტი იყოს). აქედან ოლიმპიური ტურნირი: 8 მატჩი, 9 ქულა ( 5+4); მსოფლიო პირველობის „B“ ჯგუფი: 6 შეხვედრა, 16 ქულა (8+8)(შეჯიბრის საუკეთესო ბომბარდირი 38 წლის ასაკში). მთელი კარიერის განმავლობაში ნებისმიერი დონის ოფიციალურ თამაშებში გატანილი აქვს 699 გოლი. მას შემდეგ, რაც ჩამოკიდა ციგურები ლურსმანზე, აქტიურად ჩაება პოლიტიკურ საქმიანობაში. 2004-2014 წწ.-ში გახლდათ ევროპარლამენტის დეპუტატი. მისი ვაჟები: პოლი და იანი პროფესიონალი ჰოკეისტები გახდნენ. ისინი აშშ-ის სახელით ასპარეზობდნენ. პოლი არის 2010 წლის ოლიმპიადის ვერცხლისა და 2013 წლის მსოფლიო პირველობის ბრინჯაოს მედალოსანი. მან 2011 წელს NHL-ის All Star Game-შიც ითამაშა. იანი, ძირითადად, AHL-სა და გერმანიის ბუნდესლიგაში გამოდიოდა.

ჯილდოები და აღიარებანი. NHL: „კოლდერ მემორიალ ტროფის“ (საუკეთესო ახალბედა) ლაურეატი 1981წ.; 1982 წელს მეოთხე იყო „ჰარტ მემორიალ ტროფის“ (სეზონის უძვირფასესი მოთამაშე) გამოკითხვაში უეინ გრეცკის, ბრაიან ტროტიესა და მაიკ ბოსის შემდეგ. როგორც იცით, იგი ცენტრი გახლდათ და ძალზე რთული იყო სეზონის All Star-ში მოხვედრა გრეცკის ეპოქაში. შემდეგ კი „დიად ვინმეს“ მარიო ლემიუც დაემატა. ამიტომ ვერ მოხვდა ვერც პირველსა და ვერც მეორეში (სამჯერ იყო გამოკითხვაში მესამე). NHL-ის ოფიციალური საიტის გამოკითხვით შედის ლიგის ყველა დროის 100 ჰოკეისტში(2017წ.). The Hockey News-ს გამოკითხვაში დაიკავა 56-ე ადგილი ყველა დროის ჰოკეისტებს შორის(1998). 1996 წელს „კვებეკმა“ ამოიღო მისი „26“ ნომერი მაისური ხმარებიდან. არის

ჩეხოსლოვაკიის წლის საუკეთესო ჰოკეისტი („Zlata Hokejka“): 1980წ; ლიგის სიმბოლური გუნდის წევრი: 1979,1980წწ. დამოუკიდებელი სლოვაკეთის წლის საუკეთესო მოთამაშე: 1995წ. ოლიმპიური თამაშების სიმბოლური ნაკრების წევრი: 1994წ. მსოფლიო პირველობის „B“ ჯგუფის საუკეთესო ფორვარდი და All Star Team-ის წევრთაგანი: 1995წ.

ტორონტოს „ჰოკეის დიდების დარბაზის“ წევრი: 1998; IIHF „დიდების დარბაზის“ წევრი: 2000წ.; სლოვაკური „ჰოკეის დიდების დარბაზის“ წევრი: 2002წ (პროტესტის გამო უარი თქვა წევრობაზე 2009 წელს. მიზეზი გახლდათ კონფლიქტი სლოვაკეთის ჰოკეის ფედერაციის იმდროინდელ პრეზიდენტ იურაი შიროკთან); ჩეხური „ჰოკეის დიდების დარბაზის“ წევრი: 2010წ.

აკაკი ალთუნაშვილი
აკაკი ალთუნაშვილი
ავტორის ყველა სტატია