ვებგვერდი მზადების პროცესშია

ჰოკეის
ფედერაცია

NHL-ის ყველა დროის გამოჩენილი ჰოკეისტების ტექნიკური ეფექტურობა ნ.პელონეოვას მიხედვით

NHL-ის ყველა დროის გამოჩენილი ჰოკეისტების ტექნიკური ეფექტურობა ნ.პელონეოვას მიხედვით

წინათქმა. სხვადასხვა ეპოქის ჰოკეისტების შესადარებლად და ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეების გამოსავლენად სტატისტიკოსები, ისტორიკოსები და სპეციალისტები დიდი ხანია ცდილობენ ისეთი კრიტერიუმების შერჩევას, რომელიც მისადაგებული იქნება ყველასთვის და ობიექტური იქნება, რაც მეტად რთული საქმეა. ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად დღემდე ითვლება სარგებლიანობის (ნაყოფიერების) კოეფიციენტი: +/-, რომელიც ასახავს მოთამაშის მოედანზე ყოფნის დროს მისი გუნდის მიერ გატანილ და გაშვებულ შაიბათა შორის სხვაობას, მაგრამ მას აქვს ნაკლი: იგი გამოიყენება მხოლოდ თანაბრობასა და ნაკლებობაში გატანილი გოლების დროს (არაა გათვალისწინებული მოთამაშეთა მეტობის დროს შეგდებული შაიბები და საჯარიმო დარტყმები (ბულიტები)). ასევე ვერ მიუსადაგებ გოლკიპერებს. ამ მაჩვენებლის განსაზღვრა ლიგაში პირველად შემოვიდა 1959/60წწ.-ის სეზონიდან, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა 1967 წელს. ცხადია, ამის გამო ძველი თაობის ჰოკეისტები დაიჩაგრნენ, მაგალითად, ისეთი ლეგენდა, როგორიც არის მორის რიშარი, თამაშგარეთ აღმოჩნდა (მხოლოდ ერთი სეზონი მოესწრო), ხოლო გორდი ჰოუს, რედ კელის, ჟან ბელივოს მონაცემები არასრული გამოვიდა. გარდა ამისა, ამ მაჩვენებლის სიდიდეზე დიდი გავლენა აქვს კლუბის სიძლიერეს. რეგულარული სეზონების მიხედვით, ყველა დროის ლიდერი ლარი რობინსონი (+722) ჩვიდმეტი სეზონის განმავლობაში გამოდიოდა „მონრეალ კანადიენზში“, რომელსაც იმხანად უძლიერესი გუნდი ჰყავდა (მან კიდევ სამი სეზონი გაატარა „ლოს-ანჯელესში“). მისი გამოსვლის პერიოდში გუნდმა ექვსჯერ მოიგო სტენლის თასი და ოთხჯერ იპირველა რეგულარულ სეზონში. რობინსონს მოსდევს ბობი ორი (+582). მესამე ადგილი უკავია რეი ბურკს(+527). უეინ გრეცკი მეოთხეა (+520). პლეი-ოფების სერიაში ყველა დროის საუკეთესო არის ფინელი იარი კური (+101). რობინსონი აქ მეორეა (+100).

2007 წლიდან შემოვიდა სიტუაციური +/-, სადაც გათვალისწინებულია ყველა გზით გატანილი და გაშვებული შაიბები. ის მიუსადაგეს მეკარეებსაც. www.plusminusline.com 2015 წლიდან რეგულარულად აქვეყნებს სეზონურ რეიტინგებს. საერთოდ კი, ბოლო 10 წლის განმავლობაში მრავალი ინდიკატორი შემოიღეს ჰოკეიში, რომლებიც მოთამაშის ყველა ქმედებას დეტალურად ასახავს. ასევე პოპულარულია კორექტირებული, დაზუსტებული (adjusted) მონაცემები როგორც გატანილი შაიბების, ისე საგოლე გადაცემებისა და სხვა მაჩვენებლების გათვალისწინებით. თუმცა, ესეც არაა საკმარისი სრულყოფილი შედარებისთვის. HFBoards-ის საიტის სპეციალისტებმა შეიმუშავეს VsX მეთოდი, რომლის საშუალებითაც მოთამაშის შედეგიანობა ფასდებოდა არა მის მიერ დაგროვებული ქულების ჯამით, არამედ მისი პერფორმანსის ხარისხით თანადროულ საუკეთესო ბომბარდირებთან მიმართებით. ხდებოდა შედარება ე. წ. ელიტურ ჰოკეისტებთან. ამით შეიძლებოდა სხვადასხვა ეპოქის მოთამაშეთა ურთიერთშედარება (კარიერის პიკში) , ოღონდ, მხოლოდ მათი შედეგიანობის ასპექტში. www.hockey-reference.com-ის შემქმნელმა ჯასტინ კუბატკომ 2000-იანი წლების პირველ ათწლეულში სპეციალური მათემატიკური ფორმულების საშუალებით შეიმუშავა ე.წ. point shares-ქულების წილი, რითაც აღინიშნება ქულების სახით მოთამაშის მიახლოებითი წვლილი (კონტრიბუცია) საკუთარ გუნდში. ცალკეული მოთამაშეების მიერ მოპოვებული ქულების ჯამი დაახლოებით უდრიდა გუნდის მიერ დაგროვებული ქულების საერთო რაოდენობას სატურნირო ცხრილში. მოთამაშეებს ორი გზით შეუძლიათ შეიტანონ თავიანთი წვლილი გუნდის წარმატებაში: შექმნან მომენტი, რომელიც დასრულდება მეტოქის კარის აღებით და, პირიქით, დაიცვან საკუთარი გუნდი გოლის გაშვებისგან. არის offensive point shares-თავდასხმაში ქულების წილი; defensive point shares-დაცვაში ქულების წილი და goalie point shares-მეკარეთა ქულების წილი. პირველი ორის ჯამი შეადგენს სრულ point shares. ეს მაჩვენებლები ჯერჯერობით მხოლოდ რეგულარული სეზონისთვის არის დაანგარიშებული. თუ ვნახავთ საკარიერო მონაცემებს, უეინ გრეცკი პირველობს (251.01). მეორე არის რეი ბურკი (242.69), მესამე-ალექსანდრ ოვეჩკინი (220.69), მეოთხე-მეკარე რობერტო ლუონგო (217.84), მეხუთე-გორდი ჰოუ (217.11), მეექვსე-იარომირ იაგრი (217.06). მრავალი გამოკითხვისა თუ რეიტინგების ლიდერები მარიო ლემიუ და ბობი ორი მათ ძლიერ ჩამორჩებიან. ისინი, შესაბამისად, 25-ე (167.87) და 45-ე (150.95) ადგილებს იკავებენ (მონაცემები აღებულია 2025/26 წწ.-ის სეზონის დასრულების შემდგომ).

ჩეხეთში არსებული ლიბერეცის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის დეპარტამენტის ეკონომიკის ფაკულტეტის დოცენტმა, PhD ნატალიე პელონეოვამ (Natalie Pelloneová) შეიმუშავა მრავალ კრიტერიუმზე, კერძოდ, მონაცემთა გამოყენების ეფექტურობის ანალიზის (ე.წ. კონვერტული ანალიზი) კონცეფციაზე დაფუძნებული მეთოდოლოგია, რომელსაც DEA-ს (Data Envelopment Analisis) უწოდებენ. ეს უკანასკნელი წარმოადგენს მოთამაშეების ზოგადი სათამაშო პროფილის შეფასებას. პელონეოვამ გამოიყენა ანდერსენისა და პეტერსენის სუპერეფექტურობის მოდელი (1993). DEA-ს მოდელში შეყვანილ მონაცემებზე დაყრდნობით გამოვლინდნენ ეფექტური და არაეფექტური მოთამაშეები OTE-ს (Overall Technical Efficiency) მაჩვენებლების მიხედვით. შემდეგ ანდერსენისა და პეტერსენის მოდელის გამოყენებით გამოითვალა AP სუპერეფექტურობის ქულები და მივიღეთ ჰოკეის გამოჩენილი მოთამაშეების ეფექტურობის საბოლოო რეიტინგი, ანუ თუ ტექნიკურად რაოდენ შთამბეჭდავი იყო ამა თუ იმ ჰოკეისტის კარიერა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში. ყველაფერი ეს მოხდა არაერთი მათემატიკური ფორმულის გამოყენებით. ამ პროცესის აღწერა საკმაოდ რთულია და თან შორს წაგვიყვანს, ამიტომ შევეცდები, მოკლედ და კონკრეტულად ვთქვა სათქმელი. სასურველი შედეგის მისაღებად ფორმულებში შესაყვან ცვლადებად გამოყენებული იქნა ცხრა კრიტერიუმისგან მიღებული პირსონის კორელაციური კოეფიციენტები (მოხდა იმ კრიტერიუმების დაკავშირება ერთმანეთთან, ე.წ. ცვლადების კორელაცია). ესენია (იგულისხმება მხოლოდ რეგულარული სეზონის კარიერული მაჩვენებლები): მოთამაშის მიერ ჩატარებული მატჩები; გატანილი შაიბები; საგოლე გადაცემები; +/-, საჯარიმო წუთების ინვერსიული (შებრუნებული) რიცხვი; ქულების საშუალო მაჩვენებელი ერთ მატჩში; კარში დარტყმების საერთო რაოდენობა; მოგებული სტენლის თასის რიცხვი; ინდივიდუალური ჯილდოების რაოდენობა. ამ უკანასკნელში შედიოდა: ჰარტ მემორიალ ტროფი, არტ როს ტროფი, კონ სმაიტ ტროფი, ლესტერ ბ. პირსონ/ტედ ლინდსი ევორდ, მორის რიშარ ტროფი, კოლდერ ტროფი, ჯეიმს ნორის მემორიალ ტროფი, ლედი ბინგ მემორიალ ტროფი. ბილ მასტერტონ მემორიალ ტროფი, კინგ კლენსი მემორიალ ტროფი, ლესტერ პატრიკ ევორდ, NHL Foundation Player Award.

ნატალია პელონეოვა

პელონეოვას მიერ განხილულ იქნა 1944/45 წწ.-ის სეზონიდან 2023/24 წწ.-ის სეზონამდე მოთამაშე 379 ჰოკეისტის (124-მცველი, 110-ცენტრი, 80-მარჯვენა ფრთის ფორვარდი, 65-მარცხენა ფრთის ფორვარდი) პროფილი და სტატისტიკური მონაცემები, რომელთაც რეგულარულ სეზონში ჩატარებული ჰქონდათ 1000 და მეტი მატჩი. ამის გამო დაიჩაგრნენ ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან: მორის რიშარი, ბობი ორი, მაიკ ბოსი და მარიო ლემიუ (მათ ამდენი თამაში არ ჩაუტარებიათ ცნობილი მიზეზების გამო), რაც, ცხადია, ამ მეთოდოლოგიის დიდი ნაკლია. ასევე ვერ მოხვდნენ მეკარეებიც (იმ დროისთვის მხოლოდ ოთხ გოლკიპერს ჰქონდა ზემოთ აღნიშნული ზღვარი გადალახული და ისინი აღარ შეიყვანეს). შერჩეული ჰოკეისტების 69,7% კანადელები გახლდნენ, 15,6-ამერიკელები, 4,2-შვედები, 3,4-ჩეხები, 2,1-ფინელები, 2,1-რუსები, 1,8-სლოვაკები. თითო წარმომადგენელი ჰყავდათ: ავსტრიას, ლიტვას, სერბეთსა და სლოვენიას. საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა 2024 წლის პირველ ნოემბერს. პირველი ადგილი, როგორც მოსალოდნელი იყო, გრეცკის ერგო. მისი AP შეადგენდა 1.983 ქულას. აი, მომდევნო ადგილები, მართლაც რომ სიურპრიზი აღმოჩნდა. მეორეზე გავიდა ლეგენდარული „აილენდერზის“ ერთ-ერთი წევრი, სტენლის თასის ოთხგზის მფლობელი, ცენტრფორვარდი რობერტ „ბუჩ“ გორინგი (ასპარეზობდა 1969-85 წწ-ში.)-1.331 და მესამეზე-ასევე ლეგენდარული „მონრეალის“ მცველი, სტენლის თასის შვიდგზის გამარჯვებული სერჟ სავარი (1967-83)-1.243. ცნობისთვის, მათი საკარიერო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: გორინგი-1107 მატჩი, 888 ქულა (375+513), სარგებლიანობის კოეფიციენტი -26; სავარი-1040 თამაში, 439 ქულა (106+333), სარგებლიანობის კოეფიციენტი: +462. შემდეგ მოდიან: ჟან ბელივო-1.234; ლარი რობინსონი-1.175; ალექსანდრ ოვეჩკინი-1.173 (მოქმედი ჰოკეისტი); გი ლეფლიორი-1.139; კლოდ პროვოსტი-1.094; რიკ მიდლტონი-1.090; ბობი ჰალი-1.082. კიდევ ექვსმა მოთამაშემ შეძლო 1.00-ის დაძლევა: ანრი რიშარმა-1.078, დეივ კიონმა-1.068, რეი ბურკმა-1.038, კრეიგ რემსიმ-1.035, დენის პოტვენმა-1.020 და ბობი კლარკმა-1.020. სად არიან სხვა დიდი ლეგენდები? ამ გამოკვლევის თანახმად, ისინი ნაკლებად ეფექტურები აღმოჩნდნენ. მე-17-19 ადგილები დაიკავეს: ბრეტ ჰალმა(0.999), ფილ ესპოზიტომ (0.970) და მარსელ დიონმა (0.963). უფრო არადამაკმაყოფილებელი შედეგები ჰქონდათ დანარჩენებს. მაგალითად, ასევე მოქმედი სიდნი კროსბი გახლდათ 29-ე (0.894), იარომირ იაგრი-55-ე(0.801), გორდი ჰოუ-74-ე(0.763), ნიკლას ლიდსტრიომი-75-ე (0.763). შეგიძლიათ, დაეთანხმოთ ან არ დაეთანხმოთ ამ რეიტინგს, თუმცა, ობიექტური კონტურები მაინც იკვეთება. სამწუხაროდ, მორის რიშარის, ბობი ორის, მაიკ ბოსის და მარიო ლემიუს არყოფნა ამ ანალიტიკური კვლევის დიდი ნაკლია. მათ გარეშე კი ამ რეიტინგს დამაჯერებლობა აკლია.



აკაკი ალთუნაშვილი
აკაკი ალთუნაშვილი
ავტორის ყველა სტატია