მილან ნოვი
ლეგენდარული ჩეხი ჰოკეისტი დაიბადა 1951 წლის 23 სექტემბერს ქალაქ კლადნოში. ამპლუა - ცენტრფორვარდი. სიმაღლე - 178სმ; წონა - 88-89კგ (აქტიური კარიერის დროს). თამაშის სტილი - ტიპიური „სნაიპერი“, რომელიც რთულ სიტუაციებშიც ავლენდა თავის შესაძლებლობებს. გამოირჩეოდა გონებამახვილობითა და იმპროვიზაციის უნარით. ხშირად ურტყამდა შაიბას პირველივე მიღებისთანავე, ნახულობდა თავისუფალ სივრცეებს და გაჰქონდა გოლები სხვადასხვა პოზიციიდან. ჰქონდა საყვარელი ადგილები მოედანზე, საიდანაც ზუსტად ტყორცნიდა კარისკენ შაიბას. გამოდიოდა შემდეგ კლუბებში: TJ SONP (კლადნო) (1968-72,1974-82,1986-89წწ.), HC დუკლა(იიჰლავა) (1972-74წწ.), ვაშინგტონ კეპიტალზი(1982-83წწ.), Zürcher SC(1983-85წწ.), Wiener EV (1985-86წწ.). არმიის სპორტულ კლუბ „დუკლაში“ გამოდიოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გამო.
საკლუბო მიღწევები: ჩეხოსლოვაკიის ექვსგზის ჩემპიონი: 1974,1975,1976,1977,1978,1980 წწ; ევროპის საკლუბო თასის (ჩემპიონთა თასის წინამორბედი) მფლობელი: 1977 წ.; 1976,1978,1979 წწ. ფინალისტი (ავტორის შენიშვნა: რეალურად 1977 წლის ორივე ფინალი გაიმართა 1978 და 1979 წლებში, ხოლო 1978-ის გადამწყვეტი მატჩი-მომდევნო წელს); ტურნირის საუკეთესო მექულე: 1978/79 წწ(6(3+3)(ზიარი).
ჩეხოსლოვაკიის პირველობის ექვსგზის საუკეთესო ბომბარდირი „გოლი+პასის“ სისტემით შემდეგ წლებში: 1973 (56(39+17), 1976 (57(32+25), 1977 (89(59+30), 1978 (75(40+35), 1981 (80(32+48), 1982 (67(29+38); ოთხგზის საუკეთესო სნაიპერი: 1973 (39), 1975 (45), 1976 (32), 1977 (59) წწ; ორგზის საუკეთესო მეპასე: 1981 (48) და 1982 (38) წწ. 1976/1977 წწ. სეზონური მაჩვენებლები: გატანილი შაიბები და მოგროვილი ქულები ჩეხოსლოვაკური ლიგის ყველა დროის რეკორდია. „კლადნოს“ კლუბის არქივის მიხედვით, იმ სეზონში მან მოიპოვა არა 89 ან 90, არამედ 93 ქულა (59+34) 44 თამაშში.

საკლუბო სტატისტიკა: ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონატებში (იგულისხმება უმაღლესი დივიზიონი) მისი კარიერული მონაგარი ასეთია: რეგულარული სეზონი-614 თამაში, 458 შაიბა, 343 პასი, 801 ქულა; პლეი-ოფი-19 მატჩი, 16 გოლი, 5 ასისტი, 21 ქულა; სულ 633 თამაშში - 474 გოლი, 348 პასი, 822 ქულა. ზედიზედ რვა სეზონის განმავლობაში არ ჰქონდა გამოტოვებული არცერთი შეხვედრა კლუბის რიგებში (!). მოპოვებული ქულებითა და გატანილი გოლებით იკავებდა პირველ ადგილს აწ არარსებული ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის. არანაკლებ ლეგენდარულმა ვლადიმირ რუჟიჩკამ ქულებით გაასწრო მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი ჩეხეთის ჩემპიონატებშიც იასპარეზა. მან ასევე პირველ დივიზიონში (1986/87წწ.) ჩატარებულ 40 შეხვედრაში დააგროვა 71 ქულა (33+38) (ავტორის შენიშვნა: ზემოთ მოყვანილი მაჩვენებლების დაზუსტება მოხდა მრავალი წყაროს შეჯერების შემდგომ). „კლადნოს“ საარქივო მონაცემებით, მან ამ კლუბში ჩაატარა 833 რაგინდარა თამაში და გაიტანა 659 გოლი. აქედან ერიცხება 601 მატჩი და 437 შაიბა ეროვნულ ლიგებში.

NHL-ის ერთ სეზონში ჩაატარა 73 თამაში და დააგროვა 48 ქულა (18+30). პლეი-ოფის 2 მატჩში თავი არ გამოუჩენია. იგი ვერ შეეწყო ოკეანისგაღმურ, მომქანცველსა და ხანგრძლივ საშეჯიბრო მარათონს და მალევე დაბრუნდა ევროპაში. შვეიცარიის National League A-ში ჩაატარა 38 თამაში, დააგროვა 54 ქულა (31+23); National League B-ში კი - 40 მატჩი, 84 ქულა (40+44); ავსტრიის 1-ლ დივიზიონში ჩაატარა 40 მატჩი, დააგროვა 81 ქულა (31+50). თავის ბოლო სეზონში, ერთ რგოლში ითამაშა ჯერ კიდევ ყმაწვილ იარომირ იაგრთან ერთად. 1989 წელს, როცა დაასრულა კარიერა, 37 წლის გახლდათ.
სანაკრებო მიღწევები: ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი 1976 წელს; მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი 1976,1977 წწ; ოთხგზის ვერცხლის პრიზიორი 1975,1978,1979,1982 წწ. და ბრინჯაოს მედალოსანი 1981 წ.(იმხანად მსოფლიო პირველობებზე თამაშდებოდა ევროპის ჩემპიონატების მედლებიც). კანადის თასის მეორეადგილოსანი - 1976წ; ნახევარფინალისტი - 1981წ. გაზეთ „იზვესტიას“ პრიზის გამარჯვებული 1974/75, 1977 წწ. ოლიმპიური ტურნირის საუკეთესო მექულე და მეპასე 1980წ(15(7+8); კანადის თასის სიმბოლური ნაკრების წევრი 1976 წ; მსოფლიო პირველობის საუკეთესო ექვსეულის წევრი 1976წ. გაზეთ „იზვესტიას“ პრიზის საუკეთესო ბომბარდირი და სნაიპერი 1974/75 (24(14+10) წწ.; 1976 წელს, კანადის თასის ჯგუფური ტურნირის დროს, ჩეხოსლოვაკებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს სუპერვარსკვლავებით დაკომპლექტებული მასპინძელი კანადელები. აქ ერთადერთი შაიბა გაიტანა ნოვიმ. ლეგენდარული ბობი ორის თქმით, ეს იყო ყველაზე გამორჩეული პაექრობა მის კარიერაში. ამის მერე გამართულ ორ ფინალში ევროპელები დამარცხდნენ „ნეკერჩხლის ფოთლებთან“ (0:6, 4:5 ო.ტ.). მეორე თამაშში ისევ მოახერხა მილანმა თავის გამოჩენა, დალაშქრა რა მეტოქის კარი. 1974 წელს მან მონაწილეობა მიიღო პრაღაში გამართულ მატჩში კანადის, უფრო ზუსტად, WHA-ის ნაკრებთან, რომელიც მასპინძლებმა მოიგეს-3:1. თავად თავი არ გამოუჩენია.

სანაკრებო სატატისტიკა: ქვეყნის უმთავრეს გუნდში გამოდიოდა 1971-82 (დიდ ტურნირებზე - 1975-82) წლებში. სულ ჩაატარა 211 მატჩი. მის ანგარიშზე არის 120 გოლი და 46 ასისტი (ეს უკანასკნელი მაჩვენებელი, შესაძლოა მეტიც იყოს); სხვა წყაროებით-214 თამაში და 122 შაიბა. გუნდს კაპიტნობდა 1981-82 წლებში. ოლიმპიურ თამაშებზე (1976,1980) მისი მონაგარი 11 თამაშში არის 24 ქულა (14+10); მსოფლიო ჩემპიონატების 62 მატჩში - 58 ქულა (33+25); კანადის თასზე 13 შეხვედრაში მოიპოვა 11 ქულა (6+5); გაზეთ „იზვესტიას“ პრიზზე გაიტანა 20 შაიბა. საინტერესოა, რომ ზემოთ ხსენებულ დიდ ფორუმებზე სსრ კავშირის ნაკრებთან დაპირისპირებებში ჯამურად 10 ქულა (5+5) დააგროვა. მან 1977 წლის მსოფლიო პირველობაზე მათთან მოგებულ თამაშში (4:3) 2 ქულა (1+1) შესძინა გუნდს. ასევე 5 გოლით დაასაჩუქრა საბჭოელები „იზვესტიას“ პრიზზე.
ნოვი, ეროვნულ პირველობებსა და ნაკრებში გატანილი გოლების საერთო რიცხვით, დღემდე სათავეში უდგას ჩეხ ბომბარდირთა კლუბის სიას. მისი თქმით, იგი იღბლიანი იყო. კარიერის განმავლობაში არ ჰქონია სერიოზული ტრავმები, არც მუხლი აწუხებდა, არც წელი, მხოლოდ-გამოგდებული კბილი და რამოდენიმე ნაკერი ჭრილობაზე. ის თავდაუზოგავად ვარჯიშობდა, სულ მუდამ მუშაობდა საკუთარ თავზე, ზედმიწევნით იცავდა დიეტას. ამიტომ ყოველთვის ჩინებულ ფორმაში იყო. როგორც თავად ამბობდა, თამაშის დროს იგი ყოველთვის საჭირო დროს და საჭირო ადგილას ხვდებოდა, როგორც ფეხბურთში გერმანელი გერდ მიულერი. ასევე მას ჰქონდა პატივი, ეთამაშა საუკეთესო პარტნიორებთან ერთად.

აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ იგი მშობლიურ კლუბში დარჩა. წლების განმავლობაში უძღვებოდა სამდივნო საქმეებს, მაგრამ ვერ შეეგუა ამ სამსახურს და გადაწყვიტა მეწარმე გამხდარიყო. წარმოადგენდა ისრაელის კოსმეტიკურ კომპანიას ჩეხეთში. მოგვიანებით მუშაობდა კომპანია HUITRA-BRNO-ის გაყიდვების მენეჯერად, რომელიც სპეციალიზდებოდა გაზისა და ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე.
1995 წელს მან დაარსა საქველმოქმედო ორგანიზაცია Milan Novy Foundation-ი, რომელიც ეხმარებოდა მატერიალური და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ყოფილ ჰოკეისტებსა და სხვა სახეობის სპორტსმენებს. აღიარებანი. ჩეხოსლოვაკიის წლის საუკეთესო ჰოკეისტი(„Zlata Hokejka“): 1977,1981,1982 წწ. IIHF „დიდების დარბაზის“ წევრი 2012წ. ჩეხური ჰოკეის „დიდების დარბაზის“ წევრი 2008 წ. 2014 წელს „კლადნომ“ ხმარებიდან ამოიღო მისი კუთვნილი ნომერი „6“ მაისური. ჩეხეთის XX საუკუნის საუკეთესო ჰოკეისტის გამოკითხვაში, რომელიც ჩაატარა ჩეხეთის ჰოკეის ასოციაციასთან ერთად გაზეთმა “MF DNES”-მა 1998 წლის დეკემბერში, მან დაიკავა მხოლოდ მე-17 ადგილი, რაც ცოტა არ იყოს და გაკვირვებას იწვევს.