საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მე-2 დივიზიონში აღზევდა

  • 2019-03-07 20:18:54
საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთი დონით მაღლა იასპარეზებს. სამხრეთ აფრიკაში გამართულ მე-3 დივიზიონის ტურნირში ექვსი გუნდი მონაწილეობდა. მე-2 დივიზიონის საგზურს მხოლოდ გამარჯვებული იღებდა და ეს გამარჯვებული საქართველოს ნაკრები აღმოჩნდა. დღეს, როლანდ სვანიძის გაწვრთნილმა გუნდმა დიდი ანგარიშით – 10:2 დაამარცხა ჩინეთის ტაიპეი და სხვა გუნდებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. მე-17 წამზე ალექსანდრე ჟუჟუნაშვილმა გახსნა, მალევე კი, არტიომ კურბატოვმა ორამდე გაზარდა ანგარიში. ამას მოჰყვა ცუდი მომენტი: მატჩის ბოლომდე გააგდეს გუნდის კაპიტანი დუმბაძე და 5 წუთი უმცირესობაში დავრჩით. ამ დროს მივიღეთ ერთი გოლი, მაგრამ უმცირესობაშივე სემიონ ხარიზოვმა აღადგინა სტატუს-კვო. პირველ პერიოდში ივან შვეცოვმა და ალექსანდრე ვასილჩენკომაც გაიტანეს – 5:1. მეორე პერიოდში მხოლოდ 3 გოლი გავიდა: მიხაილ შალუნოვმა, ჟუჟუნაშვილმა და ხარიზოვმა 33 წამში სამჯერ გაიტანეს. მესამე პერიოდში, მატჩის ბოლოს, ხარიზოვისა და ჟუჟუნაშვილის (2) გოლებს ტაიპეიმაც უპასუხა – 10:2. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მანამდე თურქეთს (6:2), ბულგარეთს (5:3), ჰონგ კონგს (11:1) მოუგო და მხოლოდ სამხრეთ აფრიკასთან (2:4) დათმო. მე-2 დივიზიონში აღზევებისთვის საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდნენ: მეკარეები: კახა ამბროლავა, ანდრეი ილიენკო; მცველები: მიხეილ დავითაშვილი, ამირან გეფერიძე, გიორგი ჯეირანაშვილი, არტიომ კურბატოვი, დავით მინასიანი, რევაზ ცომაია; ფორვარდები: ვიტალი დუმბაძე, გრიგორი ფილიმონოვი, ზაზა ღონღაძე, პაატა კავკასიძე, სემიონ ხარიზოვი, არტიომ კოზიულინი, ოლივერ ობოლგოგიანი, დავით ოგანეზიანი, გია ოგანეზიანი, მიხაილ შალუნოვი, ივან შვეცოვი, დმიტრი სმეტანინი, ალექსანდრე ვასილჩენკო, თემურ ვედიაპინი, ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი.

სხვა სტატიები