შვედეთმა ჩემპიონის ტიტული ბულიტების სერიაში დაიცვა

  • 2019-03-07 15:52:00
ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, შვედეთი შვეიცარიას დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალიან დაძაბული და დრამატული გამოდგა. საბოლოოდ, მოქმედმა ჩემპიონმა ტიტული ბულიტების სერიაში დაიცვა. პირველ პერიოდში, ნინო ნიედერიტერის შაიბით, წინ შვეიცარია გავიდა. მათი სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა. წუთსა და 16 წამში ნიქვისტმა ანგარიში გაათანაბრა. მსგავსი სცენარით წარიმართა მეორე პერიოდიც. ტიმო მაიერის გოლით, წინ კვლავ შვეიცარია გავიდა. 11 წუთში კი ზიბანეჯადმა შორეული დარტყმით, ანგარიში გაათანაბრა – 2:2. მესამე პერიოდში შაიბა არ გასულა და გუნდები ოვერტაიმისთვის მოემზადნენ, სადაც ასევე არაფერი მომხდარა საინტერესო. წინ კი ბულიტების სერია იყო. ყველასთვის ცნობილია, რომ ბულიტის გატანა მეტად რთულია. მაგრამ პირველსავე მისვლაზე, ანდრიგეტომ შვეიცარია წინ გაიყვანა. ამის შემდეგ, ზედიზედ 4 მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. შვედეთის მხრიდან ზიბანეჯადმა და რაკელმა, საპირისპიროდ კი ფიალამ და კორვიმ ვერ გაიტანეს. ამას ეკმან-ლარსონის ზუსტი დარტყმა მოჰყვა – 1:1. დასარტყმელად ჰაასი მოემზადა, რომელმაც ვერ გაიტანა. წერტილი ფორსბერგმა დასვა – მან შვედეთი დააწინაურა. შვეიცარიის ბედი ნინოზე იყო დამოკიდებული, მაგრამ მან გატანა ვერ შეძლო და შვედეთი, ზედიზედ მეორედ, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გამარჯვებულთა მხრიდან საუკეთესოდ, გადამწყვეტი ბულიტის გამტანი, ფილიპ ფორსბერგი დაასახელეს. შვეიცარიელთა მხრიდან კი ორი პასის ავტორი – რომან იოსი. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ, ამერიკელი პატრიკ კეინი დასახელდა. მან 20 ქულა მოაგროვა – 8 გოლი, 12 პასი.

სხვა სტატიები